რეგიონი
რაგბის მსოფლიო თასი სამეგრელო-ზემო სვანეთში მოგზაურობს
31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით საქართველო მსოფლიო რაგბის ახალგაზრდულ ჩემპიონატს პირველად უმასპინძლებს.

თბილისსა და ქუთაისში გამარჯვებისთვის მსოფლიოს 12 უძლიერესი ახალგაზრდული ნაკრები იბრძოლებს. შეხვედრების დაწყებამდე, საქართველოში ჩემპიონატის თასი ჩამოიტანეს და ქვეყნის მასშტაბით მოგზაურობს. რაგბის მსოფლიო თასი ამჯერად, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონშია.

თასს დღეს, 26 აპრილს მესტიაში, 27 აპრილს კი ევროპის ყველაზე მაღალ დასახლებაში უშგულში აიტანენ.

სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, 28 აპრილს 13 საათზე კი მსოფლიო თასი ზუგდიდში, დადიანების სასახლეთა ეზოში განთავსდება და მასთან სურათების გადაღება ყველა მსურველს შეეძლება.

დღეს, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, რაგბის კავშირის წარმომადგენლებს და ვეტერან მორაგბეებს შეხვდა. მან სტუმრებს მოგზაურობისთვის მადლობა გადაუხადა და სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

Print