რეგიონი
გამგებლის ყოფილი მოადგილე: ატესტაციის ჩატარებას პოლიტიკური მიზანი ჰქონდა (ვიდეო)
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში გამგეობიდან გათავისუფლებულების საქმეზე გამგებლის ყოფილი მოადგილე გიზო სართანია დაიკითხა. მისი მტკიცებით, მისი და მისი მეგობრების, მათ შორის, ყოფილი საჯარო მოხელის კახა კვარაცხელიას მიმართ პოლიტიკური დევნა მას შემდეგ დაიწყო, რაც ის გამგებლობის კანდიდატად „პატიოტთა ალიანსიდან“ დარეგისტრირდა.

„კახა კვარაცხელიას ემუქრებოდნენ, რომ ის არჩევნების მეორე დღესვე დატოვებდა სამსახურს, იყო სიტყვიერი და პიზიკური შეურაცხყოფაც... მე ამასთნა დაკავშირებით გუბერნატორს ვესაუბრე, ის დამპირდა, რომ დევნა შეწყდებოდა, თუმცა, მომატყუა“, - აღნიშნა სართანიამ.

მისი თქმით, არჩევნების მეორე ტურის დასრულების შემდეგ მას მამუკა წოწერია დაუკავშირდა და უთხრა, რომ ლაშა გოგიას თხოვნით, თანამშრომელთა ატესტაცია უნდა ჩატარებულიყო.

„გავამარჯვებინეთ ლაშა გოგიას, მე ვრჩებოდი იქ და წოწერიამ გოგიას ნათქვამი გადმომცა, რომ პოლიტიკური ნიშნით ადამიანები უნდა გათავისუფლებულიყვნენ. ამაზე მე უარი უარი ვუთხარი და მივიღე პირობა, რომ ატესტაცია მხოლოდ კვალიფიკაციის შესამოწმებლად, ღიად და გამჭვირვალედ ჩატარდებოდა, თუმცა, მოხდა პირიქით“, - განაცხადა სართანიამ.

მის ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს გამგებლის მოადგილე მამუკა წოწერია და ამბობს, რომ მსგავსი ფაქტი არ ყოფილა.

„ატესტაციის ჩატარების ერთ-ერთი ინიციატორი მეც ვიყავი და ეს ინიციატივა სართანიას შევთავაზე. ატესტაციის მიზანი კი მხოლოდ თანამშორმელთა კვალიფიკაციისა და ზოგადად, გამგეობის სტრუქტურული ერთეულების მუშაობის ეფექტურობის შემოწმება იყო“, - უთხრა რადიო „ათინათს“ წოწერიამ.

მომდევნო სასამართლო სხდომა 4 მაისს დაინიშნა.

ცნობისთვის, მუნიციპალიტეტის სოფლებში გამგებლის 8 წარმომადგენელი დაკავებული თანამდებობიდან კონკურსის შედეგების საფუძველზე გაათავისუფლეს, რომელიც გასული წლის ნოემბერში ჩატარდა. სოფლის ყოფილი გამგებლები აცხადებენ, რომ ისინი სამსახურიდან უსამართლოდ, პოლიტიკური ნიშნით გაუშვეს.

ამავე თემაზე:

ყოფილი საჯარო მოხელეების საქმეზე მოწმეები დაიკითხნენ (ვიდეო)

ზუგდიდში გათავისუფლებული გამგებლები დეპუტატს ზეწოლაში ადანაშაულებენ

ყოფილი საჯარო მოხელეების საქმეზე საკრებულოს თავმჯდომარეს 2 საათი კითხავდნენ (ვიდეო)

ყოფილი საჯარო მოხელეების 8 საათიანი სასამართლო სხდომა განაჩენის გარეშე დასრულდა (ვიდეო)



Print