რეგიონი
მამა მალხაზ ჭანტურია ღვთისმშობლის ხატის მსგავს გამოსახულებაზე: არაფერი ხდება
„ეს არავითარი ეკლესიური საკითხი არ არის, უმჯობესია, ქიმიკოსმა ან ფიზიკოსმა აუხსნას ხალხს, რა ხდება“, - ასე ეხმაურება რადიო „ათინათთან“ საუბარში მამა მალხაზ ჭანტურია მოსახლეობის ნაწილის აზრს იმის შესახებ, რომ ე.წ. კომბინატის დასახლებაში, ერთ-ერთი ოჯახის ფანჯრის მინაზე ღვთისმშობელია გამოსახული.

„ხატები და ჯვრები ეკლესიაშია, ვისაც სწამს, აქ მოვიდეს. იქ რომ დგანან და სანთლებს ანთებენ, ცეცხლი არ წაუკიდონ შენობას. მსგავსი ამბები რწმენას კი არ აძლიერებს, პირიქით. ადამიანს შეუძლია ნებისმიერი ფიგურა რამეს მიამსგავსოს... ეს რომ რამე ეკლესიური იყოს, პატრიარქიც და მეუფეც ისაუბრებდნენ ამის შესახებ
“, - აღნიშნა ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა.

მოძღვარი მოსახლოებას მოუწოდებს, მსგავს მოვლენებს ზედმეტი ყურადღება არ მიაქციონ.

ცნობისათვის, 29 აპრილს, ე.წ კომბინატის დასახლებაში, ერთ-ერთ კორპუსთან ასობით ადგილობრივი შეიკრიბა. მათი აზრით, საცხოვრებელი ბინის ფანჯრის მინაზე ღვთისმშობლის ხატი იყო გამოსახული. აღნიშნულის გამო, საავტომობილო გზაზე მოძრაობა მცირე ხნით შეფერხდა, მას ადგილზე მობილიზებული სამართალდამცავები არეგულირებდნენ.


ამავე თემაზე:


ადგილობრივების მტკიცებით, ზუგდიდში, ერთ-ერთ ოჯახში ღვთისმშობელი გამოისახა (ვიდეო)


Print