რეგიონი
„ნაციონალები“ თვითმმართველობის ხელმძღვანელობას ნარკოტესტის გავლისკენ მოუწოდებენ (ვიდეო)
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისში საკრებულოს აპარატის უფროსის გრიგოლ მიქავას დაკავებასთან და ამ საქმის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ბრიფინგი გაიმართა. ლევან თორიას თქმით, საჯარო მოხელის ნარკოტიკების მოხმარების მუხლით დაკავებასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა არსებობს. მან ქალაქის მერიისა და გამგეობის მაღალი თანამდებობის პირებს მოუწოდა, ხვალ მათთან ერთად გაიარონ ნარკოლოგიური შემოწმება.

უამრავი შეკითხვა დაგროვდა ამ მიმართულებით... აქვე აღვნიშნავ, რომ პირები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს თავს პოლიტპატიმრებად ასაღებდნენ, ცხადი ხდება, რომ იყვნენ ნარკოტიკების რეალიზატორები და მომხმარებლები და დღესაც განაგრძობენ ამ საქმიანობას“, - აღნიშნა თორიამ.

მან ამ ეტაპზე კონკრეტული სახელების ჩამოთვლისგან თავი შეიკავა, თუმცა, განმარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუკი საჯარო მოხელეები ინიციატივაზე უარს იტყვიან, მათი თქმით, ნარკოდანაშაულთან დაკავშირებული პირების ვინაობას გაასაჯაროვებენ. ამასთან, უარის შემთხვევაში, ენმ პროკურატორას მიმართავს, რათა აღნიშნული მიმართულებით ადგილობრივ ხელისუფლებაში არსებული ვითარების შესწავლა დაიწყოს.

ცნობისთვის, გრიგოლ მიქავა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების (45-ე მუხლი) ბრალდებით ორჯერ დააკავეს და ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გადაიყვანეს, თუმცა მან ბიოლოგიური მასალის ჩაბარებაზე უარი განაცხადა. 12-12 საათიანი ვადის ამოწურვის შემდეგ ის გაათავისუფლეს.




Print