რეგიონი
ენმ: ხელისუფლება და "ტყის ძმების" მეთაური განმუხურში მოსახლებას აშინებს
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ოფისის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ანა წითლიძე ადგილობრივ ხელისუფლებას განმუხურის მოსახლეობის ნაწილზე ზეწოლაში ადანაშაულებს. მისი მტკიცებით, სანაპიროს ზოლსა და მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას, რომელსაც მიწის ნაკვეთები საკუთრებაში გააჩნია, მათ დათმობას სთხოვენ. ის ამბობს, რომ ადგილობრივების დაშინებას ე.წ. "ტყის ძმების" მეთაური დათო შენგელია და მხარის გუბერნატორი ლევან შონია ცდილობენ.

"რაც დღეს განმუხურში ხდება, ჩვეულებრივი ტერორია. ამ ყველაფერში ფინანსური პოლიციაც არის ჩართული, მათ უკვე ასზე მეტი მოქალაქე დაკითხეს. კრიმინალური ავტორიტეტი, "ტყის ძმების" მეთაური დათო შენგელია კი პირდაპირ მიდის კერძო მესაკუთრესთან და ეუბნება, რომ მიწა სახელმწიფოს სასარგებლოდ ან მინიმალურ ფასად უნდა დათმოს. თუ ეს პროცესი არ შეჩერდება, ჩვენ იძულებულები გავხდებით კონკრეტულ მაგალითზე ვისაუბროთ და დავასახელოთ ერთ-ერთი პიროვნება, ვისზეც უშუალოდ განხორციელდა ზეწოლა. ამჟამად, ამ ადამიანის ვინაობის გამხელისგან, მისივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე, თავს ვიკავებთ", - აღნიშნა მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

გარდა ამისა, წითლიძის ინფორმაციით, განმუხურში დენდროლოგიური პარკის მშენებლობა კერძო დავის გამო შეჩერდა.

თავის მხრივ, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიაში ოპოზიციური პარტიის წევრის ბრალდებებს სიცრუეს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ბრალდებები უსაფუძვლოა.

"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ მსგავსი არაფერი ხდება . "ნაციონალურ მოძრაობას" ვურჩევთ უფრო დამაჯერებელი ზღაპრები მოიგონოს. ვერცერთი განმუხურელი ვერ დაგიდასტურებთ იმას, რასაც ქალბატონი წითლიძე ამბობს", - აცხადებენ სამხარეო ადმინისტრაციაში.

გამგეობის ააიპ "განმუხურის ბოტანიკური ბაღის" დირექტორი ზვიად ქარჩავა დენდროლოგიური პარკის მშენებლობის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას უარყოფს და ამბობს, რომ ამჟამად იქ კვლევები მიმდინარეობს, მშენებლობა კი შესაბამისი კვლევის შედეგების მიღების შემდეგ დაიწყება.

Print