რეგიონი
გიორგი მარგველაშვილი მესხიას უნივერსიტეტში სტუდენტებს შეხვდა (ვიდეო)
საქართველოს პრეზიდენტი შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტებს შეხვდა. გიორგი მარგველაშვილმა ახალგაზრდებს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საკუთარი შეხედულებები გააცნო. მისი განცხადებით, კონსტიტუციის შექმნა ყველა მოქალაქის ვალდებულებაა და საზოგადოების ფართო ჩართულობა საინტერესო დოკუმენტის შექმნის საწინდარია.

"ევროპული პოლიტიკური კულტურა ნიშნავს, რომ ქვეყანაში არსებობდნენ ძლიერი და სტაბილური პოლიტიკური პარტიები და მათ შორის გამარჯვება დრამატულ ცვლილებებს არ უნდა იწვევდეს. იმისთვის, რომ ეს მოხდეს ქვეყანაში, ჩვენ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს მოგების შანსი უნდა მივცეთ. ამ არსებული კონსტიტუციით, ძალიან მაღალი ბარიერია... 5%-იანი ბარიერია იმისთვის, რომ პარლამენტში მოხვდე. ამის მერე პრობლემური არის ის, რომ ბლოკების შექმნის უფლება არ აქვს ოპოზიციურ პარტიებს,"- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მან სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა, რომლებიც, ძირითადად, პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლას ეხებოდა.

,,პრეზიდენტის არჩევის უფლებას გიცვლიან თქვენ, შესაბამისად, თქვენთვის გასაგები უნდა იყოს, თუ რატომ გართმევენ იმ უფლებას, რომ იყოთ აქტიური ამომრჩეველი... ასევე, ქვეყნის მთავარსარდლის უფლებების შესუსტება ან გაქრობა მე პირადად არაადეკვატური მგონია,"- აღნიშნა პრეზიდენტმა.

სტუდენტებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი მარგველაშვილი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვას შეუერთდა.

ფოტო: პრეზიდენტის პრესსამსახური

Print