რეგიონი
გაუჩინარებული გოგიტა აბულაძის დედა ეკა ბესელიას შეხვდა
მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის შენობასთან, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა მიმდინარეობდა, ხუთი წლის წინ გაუჩინარებული გოგიტა აბულაძის დედა იმყოფებოდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ აბულაძე ეკა ბესელიას შეხვდა, თუმცა, მან დეპუტატისგან კონკრეტული პასუხი ვერ მიიღო, რის გამოც ის უკმაყოფილო დარჩა.

"ბესელიამ მითხრა, ჩემს სახელზე დაწერე წერილი და გამომიგზავნეო, მეტი არაფერი უთქვამს"
, - თქვა აბულაძემ.

გაურკვეველ ვითარებაში დაკარგულის დედამ ბესელიასთან დალაპარაკება შეხვედრის დაწყებამდეც მოახერხა და მისი შვილის შესახებ რეალური ინფორმაციის მიწოდება ითხოვა.

ცისანა აბულაძე შეხვედრის დასრულებას გარეთ ელოდებოდა, მას ხელში ეჭირა პლაკატი წარწერით: "დაკარგული გოგიტა აბულაძის მოხუც მშობლებს ხუთი წელია დღევანდელი უღირსი მთავრობა გვატყუებს".

ცნობისთვის, გოგიტა აბულაძე 2012 წლის 18 იანვარს გაუჩინარდა. ის სახლიდან სასტუმრო "ანაკლიაში" წავიდა და შემდეგ არავის უნახავს. ოჯახის წევრებმა შვილის წერილი გაუჩინარებიდან ორი თვის შემდეგ აღმოაჩინეს, სადაც ეწერა: "გადავედი აფხაზეთში ჟენიას შესახვედრად. ამის შესახებ იცის მალხაზ პაჭკორიამ". მალხაზ პაჭკორია სამეგრელოს რეგიონში კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი იყო.

Print