რეგიონი
სოხუმი Booking.com - თან დაკავშირებით: საქართველოს პოზიცია წვრილმანი სისაძაგლეა
დე ფაქტო აფხაზეთის ეკონომიკის მინისტრი ადგურ არძინბა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა, რომლითაც უწყებამ სასტუმროების დასაჯავშნ ვებგვერდის Booking.com - ის ადმინისტრაციას მიმართა.

„ჩვენ ამას აღვიქვამთ, რა თქმა უნდა, როგორც წვრილმან სისაძაგლეს, რომელიც არ მიგვიყვანს პოზიტიურ შედეგამდე, რაც თავად საქართველოსაც უწევს დისკრედიტაციას , წარმოაჩენს მის სისუსტეს და თავდაუჯერებლობას. აფხაზეთის ეკონომიკაზე ეს არანაირად არ აისახება. აფხაზეთი, ძირითადად, ორიენტირებულია რუსეთის და ნაწილობრივ, დსთ-ს ქვეყნების მოქალაქეებზე და მისი ტურისტული პროდუქტი სწორედ მათზეა გათვლილი", - უთხრა „სპუტნიკს“ არძინბამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მუდმივად ცდილობს ხელი შეუშალოს აფხაზეთის საერთაშორისო ურთიერთობების განვითარებას, კერძოდ, ეკონომიკურ, სპორტულ და კულტურულ სფეროში, ასევე, „რესპუბლიკაში საერთაშორისო კაპიტალის შემოდინებას“.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სასტუმროების დასაჯავშნ ვებგვერდზე, Booking.com აფხაზეთი მითითებული იყო როგორც ცალკე ქვეყანა, თუმცა, უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ დროისათვის, ხარვეზის ძირითადი ნაწილი გასწორებულია და აფხაზეთი საქართველოს ნაწილადაა მითითებული.

"ვებგვერდის 40-მდე სხვადასხვა ენოვან ვერსიაში search-ის ფუნქციაში ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონსა და მის ყველა ქალაქის გვერდით საქართველო მიეთითა. ეს ფუნქცია გასასწორებელი დარჩა მხოლოდ რამდენიმე ენაზე... ამავე მიმართულებით, ვმუშაობთ კომპანიასთან Airbnb. უმეტეს შემთხვევებში, ეს არის ტექნიკური ხარვეზი. სწორედ ამიტომ ყველა იმ შემთხვევაში, როცა უწყება უკავშირდება კომპანიებს, ისინი ასწორებენ ვებგვერდზე არსებულ ხარვეზებს. ცხადია, არ იგულისხმება რუსული ვებგვერდები", - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.




Print