პოლიტიკა
„დაიცავი კონსტიტუცია“ – ენმ-ის აქცია ზუგდიდში (ვიდეო)
მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის შენობის წინ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის წევრებმა აქცია გამართეს. მათ კონსტიტუციაში მოსალოდნელი ცვლილებები, მათ შორის, პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით შესაძლო არჩევა, კიდევ ერთხელ გააპროტესტეს და საზოგადოებას სოლიდარობისკენ მოუწოდეს.

მოვუწოდებთ საზოგადოებას, დავიცვათ უზენაესი ღირებულება, უზენაესი საკანონმდებლო აქტი, საქართველოს კონსტიტუცია, მივცეთ ხალხს უფლება, თავად აირჩიოს პრეზიდენტი და ნუ ჩავშლით ამ დემოკრატიულ პროცესს. რაც შეეხება პროპორციული სიით არჩევნებს, ნუ დაიტაცებს ხელისუფლება ყველა ხმას“, - განაცხადა ენმ-ის ქალაქის შტაბის ხელმძღვანელმა და პოლიტიკურმა მდივანმა თეიმურაზ ბასილაიამ.

მისივე თქმით, დღევანდელი აქციის ადგილი სიმბოლურად შეირჩა, რადგან სწორედ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ჩატარდა კონსტიტუციის საჯარო განხილვა, რაც, ბასილაიას განმარტებით, „ქართული ოცნების“ მიერ საკუთარი ძალაუფლების დემონსტრაცია იყო.

დაიცავი კონსტიტუცია“ - ამ ლოზუნგით ენმ-ს მიერ ორგანიზებული აქციები დღეს საქართველოს ყველა ქალაქში ტარდება.


Print