პოლიტიკა
თბილისში საკონსტიტუციო პროექტის განხილვა ჩაიშალა
ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვა დღეს აღარ გაიმართება. პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, დარბაზში განვითარებული მოვლენების ფონზე, ის ვერ ხედავს შეხვედრის გაგრძელების აზრს.

მისივე თქმით, საქართველოში კომუნიზმის ადგილი არ არის. მან ასევე აღნიშა, რომ არსებობდა ინფორმაცია პროვოკაციის მოწყობის შესახებ.

შეგვიძლია დღევანდელი შეხვედრა დახურულად გამოვაცხადოთ. აქ იყო შეკრებილი 2 ათას 500 ადამიანი, რომელსაც სურდა ინფორმაციის მიღება კონსტიტუციის თაობაზე, თუმცა რამდენიმე ათეულმა კომუნისტმა, ასევე გამოვიდა ერთ-ერთი ადამიანი, რომელმაც ისაუბრა აქ ერთ საკითხთან დაკავშირებთ, ეს ადამიანი პირდაპირ შემიძლია გითხრათ არის მჭიდროდ დაკავშირებული ჩვენ ჩრდილოელ მეზობელთან, კომუნიზმების და რუსეთუმეების ადგილი საქართველოში დამთავრდა",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კონსტიტუციის პროექტის განხილვის პირველი ეტაპი უნდა დასრულებულიყო, თუმცა, ფილარმონიაში დამსწრეთა ნაწილმა ხმაურიანი შეძახილებით შეხვედრის დაწყების საშუალება პარლამენტის თავმჯომარეს არ მისცეს.

ისინი სკანდირებენ, რომ კონსტიტუცია ხალხს ეკუთვნის. ასევე, ახსენებდენ ტყიბულში დაღუპულ მაღაროელებს. მათივე თქმით, შრომითი უფლებების დაცვა მკაფიოდ უნდა იყოს ასახული კონსტიტუციაში. ისინი ასევე მიწის უცხოელებზე გასხვისების საკითხს აპროტესტებდნენ.

შეხვედრას სტუდენტები, პროფკავშირების გაერთიანების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


ფოტო: On.ge




Print