რეგიონი
საქართველოს ეროვნული სამოსის დღე ზუგდიდშიც გაიმართება
საზოგადოების მიერ თვით ორგანიზებული საქართველოს ეროვნული სამოსის დღე წელს მეორედ აღინიშნება. ღონისძიებები საქართველოს 25 და სხვადასხვა ქვეყნის 12-მდე ქალაქში:ვაშინგტონი, ლონდონი, დუბლინი, კიევი, თელავივი, მოსკოვი, მინსკი, სტამბული და ა.შ. 18 მაისს გაიმართება.

,,საჭიროა ეროვნული თემატიკა სწორი ფორმით მივაწოდოთ ახალ თაობას. ასევე, ამ დღეს აქვს პოტენციალი გახდეს საქართველოს სავიზიტო ბარათი მსოფლიო მასშტაბით, ამის საშუალებას ჩვენი უნიკალური სამოსი იძლევა",- აღნიშნა პროექტის კოორდინატორმა დავით გვასალიამ რადიო "ათინათის" გადაცემაში "დილის ჩართვა".

ზუგდიდში ამ დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა სახის ღონისძიება ახალგაზრდა საინიციატივო ჯგუფის "კომუნას" ორგანიზებით გაიმართება.

"ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე მსვლელობა ეროვნული სამოსით მოეწყობა. ასევე, ღონისძიებაში ადგილობრივი ფოლკლორული ჯგუფები მიიღებენ მონაწილეობას და ხალხურ ცეკვებს იცეკვებენ", - თქვა საინიციატივო ჯგუფ "კომუნას" ხელმძღვანელმა დავით აქუბარდიამ.

ღონისძიება ზუგდიდის გამგეობის და მერიის მხარდაჭერით ჩატარდება. ეროვნული სამოსის დღე საქართველოში პირველად 2016 წელს აღინიშნა.

Print