რეგიონი
ზუგდიდის სასამართლომ სოფლის გამგებლების გათავისუფლების ბრძანება ბათილად ცნო
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში გამგეობიდან გათავისუფლებულების საქმეზე გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა. კერძოდ, სასამართლომ ბათილად ცნო სოფლის გამგებლების თანამდებობიდან გათავისუფლებულების ბრძანება და შესაბამის კომისიას საჯარო მოხელეთა კონკურსის ხელახლა ჩატარება დაევალა.

რაც შეეხება გათავისუფლების მოტივს, რომელსაც ყოფილი საჯარო მოხელეები პილიტიკურ ნიშანს უკავშირებენ, სასამართლომ წარმოდგენილი მტკიცებულებების არასაკმარისად ჩათვალა. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ გამგებლები დაკავებული თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით არ გაუთავისუფლებიათ.

რაც შეეხება კახა კვარაცხელიას, თანამდებობიდან მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული სამსახური გაუქმდა, მის მიმართ საატესტაციო კომისიას გასაუბრების ხელახალი ჩატარების ვალდებულება არ ეკისრება.

სასამართლომ დააკმაყოფილა საიას სარჩელი და კომისიის გადაწყვეტილება ორგანიზაციის გასაუბრებაზე დასწრების შესახებ ბათილად ცნო. 

ცნობისთვის, მუნიციპალიტეტის სოფლებში გამგებლის 8 წარმომადგენელი დაკავებული თანამდებობიდან კონკურსის შედეგების საფუძველზე გაათავისუფლეს, რომელიც გასული წლის ნოემბერში ჩატარდა. სოფლის ყოფილი გამგებლები აცხადებენ, რომ ისინი სამსახურიდან უსამართლოდ, პოლიტიკური ნიშნით გაუშვეს.


ამავე თემაზე:

გამგეობიდან გათავისუფლებულების საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას მომავალ კვირას გამოაცხადებს (ვიდეო)

ზუგდიდში გათავისუფლებული გამგებლები დეპუტატს ზეწოლაში ადანაშაულებენ

ყოფილი საჯარო მოხელეების საქმეზე საკრებულოს თავმჯდომარეს 2 საათი კითხავდნენ (ვიდეო)

ყოფილი საჯარო მოხელეების 8 საათიანი სასამართლო სხდომა განაჩენის გარეშე დასრულდა (ვიდეო)
Print