რეგიონი
ჩინეთის ელჩი: ქართული ჩაისთვის ყველაზე დიდი ბაზარი ჩინეთი იქნება (ვიდეო)
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ჩინეთის ელჩს ძი იენჩის შეხვდა. ლევან შონიამ დიპლომატს რეგიონის პოტენციალი ტურიზმის, სოფლის მეურნეობის და ენერგეტიკის კუთხით გააცნო.

,,მიხარია, რომ ჩვენმა ქვეყნებმა ხელი მოაწერეს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას. ისეთი ძლიერი ქვეყნის თანადგომა, როგორიც ჩინეთია უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისთვის,’’- აღნიშნა შონიამ.

ძი იენჩიმ ქართულ მხარეს ჩინეთიდან ინვესტორების მოზიდვაში დახმარება აღუთქვა. მისი თქმით, ქართული ჩაისთვის ყველაზე დიდი ბაზარი ჩინეთი იქნება.

„დღეს მომეცა შესაძლებლობა დამეგემოვნებინა ჩინური ტექნოლოგიით მომზადებული ქართული მწვანე ჩაი. თქვენი რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ჩაის კულტურის აღდგენა, რაშიც ჩინური კომპანია თავის წვლილს შეიტანს. მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველოში წარმოებული ჩაისთვის ყველაზე დიდი ბაზარი იქნება ჩინეთი. რადგანაც ჩინეთის მილიარდ 400 მილიონიანი მოსახლეობა სრულად შეძლებს რეალიზაცია გაუწიოს აქ წარმოებულ ჩაის,’’- განაცხადა ელჩმა.

ჩინური დელეგაციის წარმომადგენლებმა წალენჯიხაში ქართულ-ჩინური ჩაის საწარმო დაათავლიერეს.

ცნობისთვის, წალენჯიხაში წარმოებული ქართული ჩაი ჩინურ ბაზარზე მეორე წელია იყიდება. ჩაის კომპანია „ლაზში“ ჩინელმა ინვესტორებმა, პირველი ეტაპისთვის 80 ათასი დოლარის ინვესტიცია განახორციელეს. „ჭეძანის რანრანის ბიოტექნოლოგიური კომპანია“ სამომავლოდ ინვესტიციების გაზრდას და ახალი ტექნოლოგიების დანერგვას გეგმავს.

ამავე თემაზე:

წალენჯიხაში წარმოებული ჩაი ჩინურ ბაზარზე (ვიდეო)
Print