რეგიონი
CENN-მა კოლხური ბზის გადასარჩენად ახალი კამპანია დაიწყო (ვიდეო)
ორგანიზაცია CENN -მა კოლხური ბზის გადასარჩენად კამპანია „ საკუთარი კალმებით მოაწერე ხელი ბზის გადარჩენას“ დაიწყო. კამპანიის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებმა საკუთარი ეზოებიდან ბზის ჯანსაღი კალმები მოიტანეს და რუხში მდებარე სასათბურე მეურნეობაში, სპეციალურად მომზადებულ სუბსტრატში დარგეს.

“კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის” რეგიონული კოორდინატორის მაია კოდუას თქმით, კანონი ტყის ფონდიდან ბზის კალმების მოპოვების შესაძლებლობას არ იძლევა, თუმცა გარკვეული კომუნიკაციები არსებობს, რათა კანონმდებლობაში ცვლილებები შევიდეს.

„თითოეული ბზის ტოტი, რომელიც მოსწავლეებმა მოიტანეს ჩასარგავად არის პოტენციური ჯანმრთელი ბზა, სწორედ ამიტომაა ეს კამპანია მნიშვნელოვანი მცენარის გადასარჩენად“,- აღნიშნა კოდუამ.

ახალგაზრდების მიერ სასათბურე მეურნეობაში დარგულ კალმები დაფესვის შემდეგ სკოლებსა და მუნიციპალიტეტებს გადაეცემა.

ცნობისთვის, სოკოვანი დაავადების გამო, ბზის კორომების უდიდესი ნაწილი განადგურებულია. სპეციალისტები აცხადებენ, რომ მდგომარეობა საგანგაშოა.



Print