რეგიონი
ფრაქცია ენმ: საკრებულოს სხდომის ოქმი არ ასახავს რეალობას
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მუნიციპალიტეტების გაერთიანების შესახებ გამართული სხდომის ოქმის გასაჯაროებას ეხმაურებიან. ოპოზიციური ფრაქციის წევრები აცხადებენ, რომ ისინი აღნიშნული საკითხის წინააღმდეგ იყვნენ, თუმცა მათ პოზიციის ოფიციალურად დაფიქსირების საშუალება არ მიეცათ. სხდომის ოქმის მიხედვით კი, აღნიშნულის საკითხის კენჭისყრის შედეგად 12 მომხრე და 3 წინააღმდეგი დაფიქსირდა.

„საქმე იქამდე არ მისულა, რომ წინააღმდეგზე ხელი ამეწია. რეალურად, ოფიციალური პოზიციის დაფიქსირება ვერ მოვახერხე“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ევროპული საქართველოს წევრმა შელიამ.

ენმ-ის წევრები კი სხდომის ოქმის გასაჩივრებას აპირებენ. ლევან კონჯარიას თქმით, საკრებულოს სხდომა ჩაიშალა.



ფოტო: ქალაქ ზუგდიდის საკრებულო

„თქვენც კარგად ხედავდით, მომხრეზე აწიეს ხელი და საკრებულოს თავმჯდომარე მაშინვე გავარდა გარეთ. ფაქტობრივად, სხდომა იყო ჩაშლილი“, - თქვა კონჯარიამ.

„ეს დოკუმენტი ბლეფია და არ ასახავს იმას, რაც სხდომაზე რეალურად მოხდა. ფაქტია, რომ საკითხი კენჭისყრაზე საერთოდ არ დამდგარა, შესაბამისად, არ დაფიქსირებულა, ვინ შეიკავა თავი ან ვინ იყო წინააღმდეგი“, - აღნიშნა წითლიძემ.





ცნობისთვის, ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს 12 წევრმა 22 მაისს ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მუნიციპალიტეტების გაერთიანების საკითხს მხარი დაუჭირა, რაც შეეხება იმას, თუ ვინ შეიკავა თავი ან ვინ წავიდა წინააღმდეგ, ეს კითხვები საკრებულოს სხდომაზე არ დასმულა. ენმ-მ აღნიშნული გადაწყვეტილება ეჭვქვეშ დააყენა. პარტიის წევრების თქმით, სხდომა პროცედურული დარღვევებით მიმდინარეობდა, სხდომის ოქმი კი საიდუმლოდ შედგა.

ამავე თემაზე:

ენმ საკრებულოს გუშინდელი სხდომის ოქმის გასაჩივრებას აპირებს (ვიდეო)
Print