რეგიონი
„მეგრული ენის დღე“ და მეგრულ ენაზე გამართული შეხვედრა ART გალერეაში (ვიდეო)
მოძრაობა ,,სამეგრელოს’’ ორგანიზებით, ზუგდიდის ART გალერეაში „მეგრული ენის დღე“ აღნიშნეს. ღონისძიებას, რომელიც მეგრულ ენაზე წარიმართა, პოეტები, მწერლები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრის მონაწილეებმა მეგრული ენის გაქრობის საფრთხეებზე ისაუბრეს.

მოძრაობა ,,სამეგრელოს’’ ხელმძღვანელი ზურაბ კვარაცხელია მიიჩნევს, რომ მეგრული ენის შესაძლო გაქრობის მთავარი მიზეზი ისაა, რომ ახალგაზრდები არ საუბრობენ მეგრულ ენაზე, რადგან ოჯახებსა და სკოლებში ამ ენაზე არ ესაუბრებიან. მისივე თქმით, ხელისუფლებამ ყველა ღონე უნდა იხმაროს გაქრობის პირას არსებული ენების გადასარჩენად.

"ჩვენ არაერთხელ მივმართეთ ხელისუფლებას თხოვნით, რომ შექმნილიყო ქართველურ ენათა დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტი, რომელიც, თავის მხრივ, სპეციალურ კომისიას შექმნიდა და ენის გადარჩენის პროგრამას შეიმუშავებდა. სამწუხაროდ, ხელისუფლების მხრიდან ამ მიმართულებით არცერთი ნაბიჯი არ გადადგმულა“,- განაცხადა ზურაბ კვარაცხელიამ.

შეხვედრაზე გერმანიიდან ამ დღისთვის სპეციალურად ჩამოსულმა წარმოშობით ლაზმა მაჰირ ილდიზმა მეგრელების და ლაზების ურთიერთობების აღდგენის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

,,ლაზური ენის მსგავსად მეგრულ ენაშიც ვხედავ გაქრობის საშიშროებას. მართალია ახალგაზრდები საუბრობენ მეგრულად, მაგრამ ჩვენ უნდა ვიფიქროთ, თუ რა შეიძლება მოხდეს 30-50 წლის შემდეგ. მე ვფიქრობ, რომ შეიძლება მეგრული ენაც გაქრეს, იმისათვის, რომ ეს თავიდან ავიცილოთ, ჩვენ ერთად უნდა ვიფიქროთ გამოსავალზე'',- აღნიშნა მაჰირ ილდიზმა.

გარდა ამისა, აღნიშნულ ღონისძიებაზე მეგრული სიმღერები შესრულდა და მეგრული ლექსები წაიკითხეს.

ცნობისთვის, მოძრაობა „სამეგრელო“ „მეგრული ენის დღეს“ 2013 წლიდან აღნიშნავს.

Print