რეგიონი
აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ რაშიდ კანჯიოღლიზე სისხლის სამართლის დევნა შეწყვიტა (ვიდეო)
გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული აფხაზი ე.წ მესაზღვრის რაშიდ კანჯი-ოღლის მიმართ სისხლის სამართლის დევნა დე ფაქტო აფხაზეთის მთავრობამ შეწყვიტა. ამის შესახებ სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა კახაბერ ქემოკლიძემ ჟურნალისტებს გალის შერეული შეხვედრის დასრულების შემდეგ ენგურის ცენტრალურ ხიდზე განუცხადა. ქემოკლიძე აღნიშნულ ფაქტს ცინიკურ გადაწყვეტილებას უწოდებს და ამბობს, რომ საქართველოს მთავრობას ამ თემასთან დაკავშირებით სხვა მოლოდინი არც ჰქონია.

„ჩვენ ყველა ლეგალურ ღონეს მივმართავთ იმისთვის, რომ ოთხოზორიას მკვლელობაში მსჯავრდებული საქართველოს კანონმდებლობით გასამართლდეს“ , -აღნიშნა ქემოკლიძემ.




გარდა ამისა, სუს-ის წარმომადგენლის ინფორმაციით, შეხვედრაზე ე.წ. მესაზღვრეების მიერ საოკუპაციო ზოლზე დაკავებული მამა-შვილი როგავების, ხვიჩა წყაროზიას და სხვა უკანონო პატიმრების გათავისუფლების საკითხზე იმსჯელეს.

„შეხვედრაზე ქართული მხრიდან ძალიან მკაფიოდ იქნა დაყენებული, რომ მსგავსი ტიპის მოვლენები პირდაპირ პროპორციულად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს და საფრთხეს უქმნის ადგილობრივების გადაადგილებას“, - განაცხდა მან.

გალის რაიონში ქართული მხარისა და დე ფაქტო ხელისუფლების მორიგი შეხვედრა 28 ივნის ჩაინიშნა.

ცნობისთვის, გიგა ოთხოზორია ე.წ. მესაზღვრემ 19 მაისს, დაახლოებით, 15:00 საათზე, ხურჩა-ნაბაკევის საზღვართან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯი-ოღლი დამნაშავედ ცნო და მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიესაჯა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით კი, მას სასჯელის ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.




Print