რეგიონი
აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის სამუშაოებისთვის 12 420 ლარი გამოიყო
საქართველოს მთავრობა ქალაქ ზუგდიდის მასშტაბით აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის სამუშაოებისთვის 12 420 ლარს გამოყოფს, - ინიციატივას ამის შესახებ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დაუჭირეს მხარი.

საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და სარევიზიო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თენგიზ ხარჩილავას თქმით, სამუშაოები ქალაქის მასშტაბით 115 ჰა თხილის პლანტაციაზე შესრულდება.

შესაბამის ღონისძიებებს, რომლისთვისაც ტექნიკა უკვე ჩამოტანილია, ააიპ კეთილმოწყობის სამსახურის ეგიდით სამი ბრიგადა ჩაატარებს. რაც შეეხება მავნებელი მწერების წინააღმდეგ ბრძოლის სამუშაოების ჩატარების ვადებს, როგორც საკრებულოს სხდომაზე ითქვა, მოსახლეობა უკვე გაფრთხილებულია და ტემპერატურის მომატების შემდეგ შეწამვლა ეტაპობრივად დაიწყება.





ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ მავნებელთან ბრძოლის სამუშაოებისთვის 13 მილიონი ლარი გამოყო. პროექტის განხორციელებაში ქართველ სპეციალისტებს წამყვანი ამერიკელი ენტომოლოგები ეხმარებიან.

აზიური ფაროსანა დასავლეთ საქართველოში 2015 წელს დაფიქსირდა და 2016 წელს გავრცელდა. მავნებელმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მეთხილეობის დარგს. პოლიფაგი მავნებელი აზიანებს თხილსა და 100-ზე მეტი სახეობის სასოფლო-სამეურნეო კულტურას.

Print