რეგიონი
მაჟორიტარის ბიუროში გარემოვაჭრეებთან შეხვედრა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა (ვიდეო)
ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროში გარემოვაჭრეებს მერაბ ქვარაიას წარმომადგენელი ესაუბრა. მათ ირაკლი ბაღათურიას საკუთარი მოთხოვნები კიდევ ერთხელ განუმარტეს. ისინი მაჟორიტართან პირისპირ შეხვედრასა და მისგან დახმარებას ითხოვენ, თუმცა, კონკრეტული პასუხი, როდის შეხვედა დეპუტატი მათ, ვერ მიიღეს.

„არ ვართ კმაყოფილები, ჯერჯერობით, ჩვენი ბედი კვლავ გაურკვეველია. ქვარაია დაგვეხმაროს, რომ გავაგრძელოთ მუშაობა, ისე, როგორც აქამდე ვმუშაობთ. თუ რამე ნორმალურ ფართს გამოგვიყოფენ, მადლობელი ვიქნებით“, - თქვა ერთ-ერთმა გარემოვაჭრემ მზევი ნარსიამ.




მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლის, ირაკლი ბაღათურიას განმარტებით, ის ამ დროისთვის ქუთაისში საპარლამენტო სესიებზე იმყოფებდა. მისი მტკიცებით, ქვარაია აღნიშნული საკითხით დაინტერესებულია და მაქსიმალურად შეეცდება, რომ პროცესი გამჭვირვალედ ჩატარდეს.

„შევუწყობთ ხელს, რომ ყველა მხარე მოგებული დარჩეს ამ ძალიან რთული, გარევაჭრობის საკითხის მოგვარებაში, ის აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას პრობლემის ეფექტურ გადაჭრაში“, - განაცხადა ბაღათურიამ.



შეხვედრას გარემოვაჭრეების თხოვნით ესწრებოდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ანი წითლიძე. მისი თქმით, ქვარაია ვალდებულია, რომ გარემოვაჭრეებს შეხვდეს. მისივე განმარტებით, ადგილობრივი ხელისუფლება ცდილობს, რომ ეს საკითხი ბაზრის გარე და შიდა მოვაჭრეების დაპირისპირების საგნად აქციოს. ის დღეს მაჟორიტართან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა ქვარაიამ ზარებს არ უპასუხა.

„თავის დროზე, როცა საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობდა, ქვარაიამ თავი აარიდა საჯარო განხილვებს. ქვარაიას სამართლებრივი ბერკეტი აღარ აქვს, რომ რამე გავლენა მოახდინოს საკრებულოს გადაწყვეტილებაზე. ერთადერთი გამოსავალია ის, რომ მოვიდეს, ფიზიკურად დაიცვას ისინი და გადაარჩინოს დარბევისგან“, - აღნიშნა წითლიძემ.



გარემოვაჭრეების თქმით, მათთან შესახვედრად ადგილობრივი თვითმმართველობის არცერთი წარმომადგენელი არ მისულა.




ცნობისთვის, გარემოვაჭრეები 31 მაისს, საღამოს ბაზართან შეიკრიბნენ, რამდენიმე მათგანმა კი, საკუთარი სავაჭრო დახლების დასაცავად ღამეც გაათია. მათი თქმით, ალტერნატიული ფართისთვის, რომელიც მათ მერიის შესაბამისმა სამსახურმა შესთავაზა, გადასახადის გადახდას ვერ შეძლებენ. გარემოვაჭრეებმა დახმარებისთვის ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატს მერაბ ქვარაია მიმართეს. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში მათ აქციები დაანონსეს. მათთვის მიცემული გაფრთხილების ბოლო ვადა პირველ ივნისს ამოიწურა. ქალაქის მერიის განმარტებით კი, გარემოვაჭრეები კანონს უნდა დაემორჩილნონ. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 აპრილის №30 დადგენილებით „ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესი“ და „გარე ვაჭრობისათვის ადგილების განსაზღვრის წესი დამტკიცდა.


ამავე თემაზე:

გარემოვაჭრეებს მერაბ ქვარაიას წარმომადგენლი შეხვდა (ვიდეო)

ზუგდიდის ბაზართან გარემოვაჭრეები მუშაობას აგრძელებენ 

გარემოვაჭრეების ნაწილი შესაძლებელია მერიის მოთხოვნას არ დაემორჩილოს (ვიდეო)

ქალაქის მერია: გარემოვაჭრეები კანონს უნდა დაემორჩილონ 

ბაზართან შეკრებილ გარემოვაჭრეებს ანი წითლიძე შეხვდა (ვიდეო)

ზუგდიდელი გარემოვაჭრეები დახმარებას მერაბ ქვარაიას სთხოვენ (ვიდეო)

ზუგდიდის ბაზართან გარემოვაჭრეები საკუთარ დახლებს იცავენ (ვიდეო)

გარე ვაჭრობის აკრძალვის განხილვა სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე (ვიდეო)

Print