რეგიონი
აზიური ფაროსანას შეწამვლითი სამუშაოები 8 ივნისს დაიწყება
ზუგდიდის გამგეობის ინფორმაციით, თხილის მავნებლის წინააღმდეგ შეწამვლითი სამუშაოები 8 ივნისიდან დაიწყება. სახელმწიფო პროგრამის მიხედვით, თხილის ნარგავები, ზურგსაკიდი ძრავიანი შესასხურებელი აპარატების საშუალებით, ორჯერ დამუშავდება. ქიმიური წამლობისას გამოყენებული იქნება ბიფენტრინის ჯგუფის პრეპარატები. ჯგუფებს, რომლებიც სამუშაოებს განახორციელებენ, სპეციალური ტანსაცმელი და აღჭურვილობა გადაეცემათ და შესაბამისი სწავლება ჩაუტარდებათ.

ამ ეტაპზე, თხილის პლანტაციაში უკვე დამონტაჟებულია 15 ათასამდე ფერომონი (მავნებლის დამჭერი ხაფანგები).




ცნობისთვის, სახელმწიფო პროგრამით, 2017 წელს გათვალისწინებულია აზიური ფაროსანას ყველაზე მეტად გავრცელებულ კერებში, თხილის ნარგავების შეწამვლითი სამუშაოები 48 544 ჰექტარზეა დაგეგმილი. 1,5 ჰა-მდე ფართობის მფლობელებს სახელმწიფო ნარგავებს საკუთარი სახსრებით შეუწამლავს, 1,5 -დან 5 ჰექტრამდე ფართობის მფლობელებს კი პრეპარატი შესაწამლად უსასყიდლოდ გადაეცემათ.

აზიური ფაროსანა დასავლეთ საქართველოში 2015 წელს დაფიქსირდა და 2016 წელს გავრცელდა. მავნებელმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მეთხილეობის დარგს. ინვაზიური მავნებელი, თხილის გარდა, აზიანებს თითქმის ყველა სახის სასოფლო-სამეურნეო კულტურას.




Print