რეგიონი
აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭო ოთხოზორიას მკვლელზე სამართლებრივი დევნის განახლებას ითხოვს
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ გიგა ოთხოზორიას მკვლელის მიმართ სამართლებრივი დევნის შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. მასში აღნიშნულია, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ამ ფაქტის გამო შეშფოთებას გამოთქვამს.

„სოხუმის ”არგუმენტები“ იმის თაობაზე, თითქოს თბილისმა სათანადოდ მომზადებული მტკიცებულებები და მასალები მათ არ გადასცა, მტკნარი სიცრუეა. სოხუმის მხარეს გადაეცა სამართლებრივი მასალები, რომელშიც არის შესწავლილი გამოძიებისთვის აუცილებელი ყველა დოკუმენტაცია, რომ აღარაფერი ვთქვათ, უტყუარ მტკიცებულებებზე - ვიდეო ჩანაწერი, რომელიც მთელმა მსოფლიომ ნახა და დე-ფაქტო ხელისუფლებას ხელთ აქვს…

გიგა ოთხოზორიას მკვლელობა, თავისი არსით, დიდი მასშტაბის ტრაგედიად იქცა. მთელმა მსოფლიომ იხილა ეს გაუგონარი მკვლელობა. ძნელი მისახვედრი არ არის, რატომ ადგას მტკიცედ პროგრესული საერთაშორისო თანამეგობრობა არაღიარების პოლიტიკას...

კანჯი-ოღლის „სამართლებრივი დევნის“ ფარსის გათამაშება სახეზეა. სახეზეა, ასევე, ჟენევის მოლაპარაკებების დაწყებამდე, ორი კვირით ადრე, სოხუმისა და რუსეთის გამომწვევი ნაბიჯი, რაც გამოიხატება, ერთი წლის თავზე მკვლელი კანჯი-ოღლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის გადაწყვეტილების მიღების თაობაზე", - აღნიშნულია განცხადებაში.

უმაღლესი საბჭო აფხაზურ და რუსულ მხარეებს მოუწოდებს, რომ დაუყოვნებლივ დააკმაყოფილონ ქართული მხარის მოთხოვნა და კანჯი-ოღლის მიმართ ხელახალი სამართლებრივი დევნა დაიწყონ. გარდა ამისა, ქართული მხარე ითხოვს, ხელახალი გამოძიების დასრულებამდე მას თავისუფლება შეეზღუდოს.

ცნობისთვის, გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული აფხაზი ე.წ მესაზღვრის რაშიდ კანჯი-ოღლის მიმართ სისხლის სამართლის დევნა დე ფაქტო აფხაზეთის მთავრობამ შეწყვიტა. ამის შესახებ სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა კახაბერ ქემოკლიძემ ჟურნალისტებს გალის შერეული შეხვედრის დასრულების შემდეგ ენგურის ცენტრალურ ხიდზე განუცხადა. იგა ოთხოზორია ე.წ. მესაზღვრემ 19 მაისს, დაახლოებით, 15:00 საათზე, ხურჩა-ნაბაკევის საზღვართან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯი-ოღლი დამნაშავედ ცნო და მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიესაჯა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით კი, მას სასჯელის ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.


ამავე თემაზე:

აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ რაშიდ კანჯიოღლიზე სისხლის სამართლის დევნა შეწყვიტა (ვიდეო)
Print