რეგიონი
"ტყის ძმების" ყოფილი მეთაური შესაძლოა ახალ საზოგადოებრივ მოძრაობაში ჩაერთოს (ვიდეო)
ზუგდიდში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში აფხაზეთიდან დევნილებმა ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის " აფხაზეთის" დაფუძნება დაანონსეს. მათი თქმით, მოძრაობაში დევნილებთან ერთად ყველა ის პირი იქნება გაერთიანებული, ვინც იძულებით გადაადგილებული პირების პრობლემებითა და საჭიროებებით დაინტერესდება.

ჟურნალისტების კითხვაზე, იქნება თუ არა დათო შენგელია მოძრაობის წევრი, გაერთიანების საინიციატივო ჯგუფის წევრებმა აღნიშნეს, რომ მოძრაობის ლიდერობის ან წევრობის პრეტენზია "ტყის ძმების" ყოფილ მეთაურს არ აქვს, თუმცა, რადიო "ათინათის" კითხვაზე, იმოქმედებს თუ არა შენგელია აღნიშნული გაერთიანების ფარგლებში, პასუხობენ, რომ ის აუცილებლად სხვებთან ერთად ჩაერთვება "აფხაზეთის" საქმიანობაში.



საინიციატივო ჯგუფის წევრების განმარტებით, შენგელია გაერთიანების ფორმირების პროცესში მათთან ერთად მონაწილეობდა, რადგან მათ საერთო პრობლემები და მიზნები აქვთ.

"ჩვენთვის დათო შენგელია არ არის ფენომენი, ის არის დევნილი. ის, შესაძლოა, არც მოხვდეს მოძრაობის გამგეობაში. ძალიან გთხოვთ, ამ სიტყვებს არც არაფერი დაუმატოთ და არ მოაკლოთ", - უთხრა ჟურნალისტებს საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა რამინ საჯაიამ.

საზოგადოებრივი მოძრაობა "აფხაზეთის" პირველი ყრილობა შაბათს, კულტურის ცენტრ "ოდიშში" გაიმართება. ამავე დღეს გახდება ცნობილი გაერთიანების გამგეობის წევრების ვინაობაც. საზოგადოებრივი ორგანიზაციის მთავარი მოთხოვნები იძულებით გადაადგილებულ პირთათვის დახმარების თანხის გაზრდას, დევნილი სტუდენტებისთვის უნივერსიტეტებში უფასო სწავლებასა და ზოგადად, დევნილების სოციალური და ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, პარტიზანული დაჯგუფება "ტყის ძმების" მეთაური დავით შენგელია, რომელიც 1990-2000 წლებში აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედებდა, 2004 წლის დასაწყისში დააპატიმრეს. მას 24 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, თუმცა საპატიმრო 6 წლის შემდეგ - 2010 წელს დატოვა. ოფიციალურ მიზეზად ჯანმრთელობის გაუარესება დასახელდა. ბრალდების მხარე შენგელიას განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შენახვასა და გავრცელებას ედავებოდა.

Print