რეგიონი
სამეგრელოში აზიური ფაროსანას შეწამვლითი სამუშაობი ორშაბათიდან მასიურად დაიწყება
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, ლევან შონია, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსს ზურაბ ჩეკურაშვილს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ დაგეგმილი ღონისძიებები განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

ლევან შონიას თქმით, მუნიციპალიტეტების უმეტესობაში შეწამვლის სამუშაოები უკვე დაწყებულია.

„დარჩა რამდენიმე მუნიციპალიტეტი, სადაც დღეს და ხვალ დასრულდება აღჭურვილობისა და პრეპარატების გადანაწილება, რის შემდეგაც  - ორშაბათიდან ყველა მუნიციპალიტეტში შეწამვლები მასიურად დაიწყება“, - აღნიშნა ლევან შონიამ.



გუბერნატორმა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსს და თანამშრომლებს გაწეული სამუშაოებისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრას გუბერნატორის მოადგილე დავით კოდუა, რეგიონული პროეტქების კოორდინირების სამსახურის უფროსი ნუგზარ გაბელია, ზუგდიდის გამგებლის მოადგილე მამუკა წოწერია, ადმინისტრაციის უფროსი თენგიზ შანავა და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

ცნობისთვის, მუნიციპალიტტეებს უკვე გადაეცათ მავნებელთან ბრძოლისთვის საჭირო აღჭურვილობა, შესაწამლი აპარატები და სჭირო პრეპარატები. თხილის პლანტაციაში უკვე დამონტაჟებულია 15 ათასამდე ფერომონი (მავნებლის დამჭერი ხაფანგები).

მავნებელთან ბრძოლის აღჭურვილობა, საქართველოს მთავრობას, USAID-მა სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP) ფარგლებში, საჭირო პრეპარატებთან ერთად, უსასყიდლოდ გადასცა.

სახელმწიფო პროგრამით, 2017 წელს გათვალისწინებულია აზიური ფაროსანას ყველაზე მეტად გავრცელებულ კერებში თხილის ნარგავების (რომელთა ფართობი არ აღემატება 1,5 ჰექტარს) დამუშავება ზურგსაკიდი ძრავიანი შემასხურებელი აპარატებით. შეწამვლითი სამუშაოები 48 544 ჰექტარზეა დაგეგმილი. ქიმიური წამლობისას გამოყენებული იქნება ბიფენტრინის ჯგუფის პრეპარატები, რომლებიც აპრობირებულია საქართველოში. 5 ჰექტრამდე ფართობის მფლობელებს პრეპარატი უსასყიდლოდ გადაეცემათ.



აზიური ფაროსანა დასავლეთ საქართველოში 2015 წელს დაფიქსირდა და 2016 წელს გავრცელდა. მავნებელმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მეთხილეობის დარგს. ინვაზიური მავნებელი, თხილის გარდა, აზიანებს თითქმის ყველა სახის სასოფლო-სამეურნეო კულტურას.

Print