რეგიონი
ზუგდიდში დევნილებმა საზოგადოებრივი დარბაზი „აფხაზეთი“ დააფუძნეს (ვიდეო)
ზუგდიდში საზოგადოებრივი დარბაზი "აფხაზეთი" დაფუძნდა. შეხვედრა კულტურის ცენტრ „ოდიშის“ შენობის წინ შედგა. შეკრებილებს აღნიშნული სამოქალაქო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ათ პუნქტიანი რეზოლუცია წარადგინეს. მათი მთავარი მოთხოვნა იძულებით გადაადგილებულ პირთათვის დახმარების თანხის გაზრდა, დევნილი სტუდენტებისთვის უნივერსიტეტებში უფასო სწავლება და მათი სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებაა.

„აფხაზეთის“ ერთ-ერთი დამფუძნებელის დემურ სოტკილავას თქმით, მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში ისინი პერმამენტულ აქციებს გამართავენ.

,, დევნილები ხელისუფლებისგან ითხოვენ მეტ თანადგომას. თუ შესაბამისი უწყებები არ წამოვიდა დარბაზთან შეხვედრაზე, თუ არ მოხდა იმ რეზოლუციით გათვალისწინებული პუნქტობრივად პრობლემების მოგვარება, მაშინ ამ ყველაფერს მოყვება პერმამენტული აქცია და შიმშილობა ’’,- თქვა სოტკილავამ.



ამასთან, შეხვედრაზე დევნილების ფულადი შემწეობის გაზრდის მოთხოვნით ხელმოწერები შეგროვდა.

,, გაჭირვებაში ვცხოვრობთ, 45 ლარით თავს ვერ ვირჩენთ. ველოდებით მომატებას, იმ შემთხვევაში თუ არ დაკმაყოფილდა ეს პირობები, მაშინ ფეხით ჩავალთ თბილისში ’’,- თქვა ერთ-ერთმა დევნილმა.

აღსანიშნავია, რომ „აფხაზეთის“ დაფუძნებასთან დაკავშირებულ ღონისძიებას "ტყის ძმების" ყოფილი მეთაური დავით შენგელიაც ესწრებოდა. მისი თქმით, ის საზოგადოებრივი დარბაზის რიგითი წევრია და სხვებთან ერთად დევნილების პრობლემების გადაჭრის გზებზე იმუშავებს.

ცნობისთვის, პარტიზანული დაჯგუფება "ტყის ძმების" მეთაური დავით შენგელია, რომელიც 1990-2000 წლებში აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედებდა, 2004 წლის დასაწყისში დააპატიმრეს. მას 24 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, თუმცა საპატიმრო 6 წლის შემდეგ - 2010 წელს დატოვა. ოფიციალურ მიზეზად ჯანმრთელობის გაუარესება დასახელდა. ბრალდების მხარე შენგელიას განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შენახვასა და გავრცელებას ედავებოდა.

ამავე თემაზე: 
"ტყის ძმების" ყოფილი მეთაური შესაძლოა ახალ საზოგადოებრივ მოძრაობაში ჩაერთოს (ვიდეო)
"ტყის ძმების" ყოფილი მეთაური: ღმერთმა დამიფაროს პოლიტიკაში მოსვლა (ვიდეო)
Print