რეგიონი
ზუგდიდში აქცია - „მეტი რაღა უნდა მოხდეს“ გაიმართა (ვიდეო)
ზუგდიდში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებმა და აქტიურმა მოქალაქეებმა ,,ბირჟა მაფიის’’ წევრების დაკავება ცენტრალურ ბულვარში გააპროტესტეს. მათ თან ტრანსფარანტები ჰქონდათ წარწერებით: ,,შინაგან საქმეთა მაფია’’, ,,არა ჩადებას’’, ,,მეტი რაღა უნდა მოხდეს’’, ,,სისტემა უნდა დაინგრეს’’ და ,,გაბრაზდი’’.


,,მუხტი ამ აქციების არ შეჩერდება. ადამიანი მხოლოდ ცენზურის გამო არის დაკავებული, იმის გამო, რომ კლიპში პოლიციელი გააშარჟა, 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. გვერდზე გადავდოთ ნარკოპოლიტიკა, საფრთხე ექმნება ჩვენს გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც მოგვანიჭა კონსტიტუციამ და ჩვენი უფლებაა’’, - თქვა საზოგადოებრივი ორგანიზაცია ,,თანასწორობის მოძრაობის’’ ზუგდიდის ოფისის მენეჯერმა ემზარ კვარაცხელიამ.


აღნიშნულ ღონისძიებას, რომელიც „თეთრი ხმაურის მოძრაობის" ორგანიზებით ჩატარდა, ოპოზიციური პარტიების ,,ევროპული საქართველოს'' და ,,პატრიოტთა ალიანსის'' წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.

აქცია - ,,მეტი რაღა უნდა მოხდეს'' თბილისსა და ბათუმშიც გაიმართა.


ცნობისთვის, ,,ბირჟა მაფიას" წევრები მიშკა მგალობლიშვილი და გიორგი ქებურია 3 დღის წინ დააკავეს. მათ შსს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის, MDMA-ს შეძენა-შენახვას ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ. თავის მხრივ, მუსიკოსები აცხადებენ, რომ მათი დაკავება მათ მიერ გადაღებულ კლიპს უკავშირდება, რომელშიც პოლიციელია გაშარჟებული.

Print