რეგიონი
ზუგდიდში ძლიერი წვიმის შედეგად საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დაიტბორა (ვიდეო)

ზუგდიდში, რამდენიმე ქუჩაზე, ძლიერი წვიმის შედეგად საცხოვრებელი სახლებში წყალი შევარდა.


დემეტრე თავდადებულის და ბერიას ქუჩებზე, ასევე კუჩხობონის უბანში, დატბორილია სახლების ეზოები და პირველი სართულები.

ბერიას ქუჩის მცხოვრებლების ინფორმაციით, მათ სახლებში წყალი დილს 7 საათზე შევიდა. მათივე თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის და არსებულ სიტუაციას სანიაღვრე არხების არასწორი მოწყობა იწვევს.

ამავე  ცნობით, ადგილზე ქალაქის მერიის სამსახურების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, თუმცა ისინი ჯერჯერობით პრობლემის მოგვარებას ვერ ახერხებენ.



„წლებია, ეს პრობლემები გვაქვს და ამის შესახებ იცის პირადად მერმაც, მაგრამ ამას საშველი არ დაადგა. არასწორად არის ეს სანიაღვრე სისტემა დაპროექტებული და ის წინა მთავრობის დროს გაკეთდა. პირველი სართულები დატბორილია და წყალს ფეკალური მასები შეერია. სიბინძურეა და ინფექციის საფრთხეა“, - უთხრა რადიო "ათინათს" ციცო ყურაშვილმა.



ბერიას ქუჩის მცხოვრებლები დახმარებას ადგილობრივ ხელისუფლებას სთხოვენ.

მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ტერიტორიის სანიაღვრე არხის რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოები დასრულებულია.

„ტენდერის დასრულების შემდგომ დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები. რეაბილიტაციის დასრულება სავარაუდოდ მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში იგეგმება“.



რაც შეეხება ქალაქის ტერიტორიაზე ამ დროისთვის არსებულ სიტაუციას, მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შესაბამისი სამსახურები შეზღუდული რესურსებით მუშაობენ.

„ამ წუთისათვის მერიის ცხელ ხაზზე 13 შეტყობინებაა შემოსული ეზოების დატბორვის თაობაზე. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო და მერიის შესაბამისი სამსახურები, აგრეთვე კეთილმოწყობის ცენტრის თანამშრომლები. მნიშვნელოვანი ზიანის შესახებ, ჯერჯერობით, ინფორმაცია არ გვაქვს“, - უთხრა რადიო „ათინათს“ პრესსამსახურის ხელმძღვანელმა მაია ღუბელაძემ.

ცნობისთვის, ზუგდიდსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მთელი ღამის განმავლობაში ძლიერმა წვიმამ სხვადასხვა პრობლემა შექმნა.

ამავე თემაზე:

წალენჯიხის სოფელ ობუჯში ადიდებულმა მდინარემ გაბიონი წაიღო

სტიქიამ ჩხოროწყუში სახლები და სახნავ-სათესი მიწები დატბორა

 

Print