რეგიონი
სოხუმი ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოწოდებას გამოეხმაურა
დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის ლინას ლინკევიჩიუსის მოწოდებას გამოეხმაურა, რომელიც მან საქართველოში ვიზიტისას გააკეთა.

«… ლიტვის საგარეო უწყების ხელმძღვანელის პოზიცია არ ყოფილა მოულოდნელი, ის მხოლოდ დამატებითი და აშკარა დადასტურებაა დასავლეთის ქვეყნების აბსოლუტურად ანგაჟირებული პოლიტიკისა, რომელიც უპირობოდ უჭერს მხარს საქართველოს ხელმძღვანელობის ნებისმიერ, თუნდაც ყველაზე შემაშფოთებელ ქმდებებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

აქვე აღნიშნულია, რომ ოპონენტების მოლოდინის მიუხედავდ, „აფხაზეთის რესპუბლიკას განზრახული აქვს მტკიცედ იაროს გეგმაზომიერი განვითარების და რუსეთის ფედერაციასთან სტრატეგიული პარტნიორობის გზაზე, რომელიც ორმხრივი ურთიერთობების სრულ სპექტრს მოიცავს“.

ცნობისთვის, 16 ივნისს ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი ზუგდიდს ესტუმრა. ის ენგურის ხიდზე არსებულ ვითარებას გაეცნო და ოკუპირებული აფხაზეთიდან მოქალაქეების გადაადგილების პროცესსაც დააკვირდა.

„სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ადამიანებს ნორმალური ცხოვრების საშუალება არა აქვთ. დასანანია ის საერთაშორისო დანაშაული, რომელსაც აქ ვხედავთ, ეს არის დამოუკიდებელი სახელმწიფოს ანექსია. რუსეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ მეზობელი სახელმწიფოს ტერიტორიების მითვისება არ დარჩება რეაგირების გარეშე. საერთაშორისო ბერკეტი არის არ აღიარების პოლიტიკა, რომელიც უნდა გაგრძელდეს ფინანსური, პოლიტიკური და სხვა ასპექტებით. ეს პოლიტიკა უნდა იყოს თანმიმდევრული და უნდა გაგრძელდეს მანამდე, სანამ სიტუაცია მოგვარდება“, - განაცხადა ლინას ლინკევიჩიუსმა ენგურის ხიდზე.

Print