რეგიონი
„შემოსაზღვრე საქართველოს“ ფარგლებში ღონისძიებების ჩატარების ადგილები შეიცვალა
15 ივნისს პროექტ „შემოსაზღვრე საქართველოს“ ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიება რუხისა და ზუგდიდის გარდა, ანაკლიაშიც გაიმართება.

„გადაწერე ვეფხისტყაოსანი“ რუხის ციხის ნაცვლად ანაკლიის ციხესიმაგრეში ჩატარდება. მხატვარ ქეთი მატაბელის მიერ შექმნილი ხელნაკეთი წიგნი „ვეფხისტყაოსანი“, საქართველოს დედაქალაქსა და რეგიონებში 15 მაისიდან „მოგზაურობს“ და ამჯერად, პროექტის „შემოსაზღვრე საქართველოს“ ფარგლებში, კონფლიქტით დაზარალებული და ადმინისტრაციული საზღვრის გამყოფი ხაზის სიახლოვეს მცხოვრებ მოსახლეობას მიეცემა შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა პოემის გადაწერის პროცესში.

ანაკლიის ციხესიმაგრეში გაიმართება ასევე დასკვნითი კონცერტიც, რომელშიც ადგილობრივი მუსიკალური ჯგუფები და მოწვეული შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას.

ღონისძიებები გაიმართება რუხშიც. რუხის საჯარო სკოლაში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლის ესმა მანიასა და გაგა ლომიძის ლექციები ჩატარდება.

ზუგდიდის კულტურის ცენტრ „ოდიშის“ ნაცვლად სპექტაკლისა და ფილმის ჩვენება მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეშია დაგეგმილი.
პროექტის ფარგლებში, ადგილობრივ სკოლებსა და ბიბლიოთეკებს გადაეცემა კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული წიგნები.

„შემოსაზღვრე საქართველო“ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით ხორციელდება. პროექტი ა(ა)იპ „მომავლის სოფლის“ მიერ ინიცირებულია.

რადიო "ათინათი" ღონისძიებების განგრიგს გთავაზობთ:

► 18:00 - 19:20 ქ. ზუგდიდის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე - ივანე მაჩაბლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლი „უჩინმაჩინის ქუდი“ - დასწრება თავისუფალია;
► 19:30 - 21:40 - ქ. ზუგდიდის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე - ლევან ლომაშვილის მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის „თამარი“ ჩვენება (სცენარი: გურამ მეგრელიშვილი, ნინია სადღობელაშვილი);
► 18:00 – 18:30 სოფ. რუხი (რუხის სკოლა): ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლის ესმა მანიას ლექცია ილია ჭავჭავაძის შესახებ;
► 18:30-19:00 სოფ. რუხი (რუხის სკოლა): ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, ლიტერატორის და მთარგმნელის გაგა ლომიძის ლექცია - ნიკოლოზ ბარათაშვილი - 200.
► 18:00 - დან - 23:00 მდე - ანაკლიის ციხე: „გადაწერე „ვეფხისტყაოსანი“;
► 19:00 – 19:50 ანაკლიის ციხე : მუსიკალური კონცერტი - ფოლკლორული ანსამბლი „ოდოია“
► 21:00 – 22:20 - ანაკლიის ციხე: მუსიკალური კონცერტი - გიგა პაპასკირი და ელენე მიქიაშვილი.



Print