რეგიონი
„სპარის“ მიერ გარემოს შესაძლო დაბინძურების ფაქტზე სასამართლო განხილვა გაიმართა
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სუპერმარკეტ „სპარის“ მიერ გარემოს დაბინძურების შესაძლო ფაქტი განიხილა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლების მტკიცებით, სუპერმარკეტმა ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე მუხლის მერვე ნაწილი დაარღვია.

აღნიშნულს კატეგორიულად არ ეთანხმება შპს „ევროფუდის“ დამფუძნებელი და სამეგრელოში „სპარის“ ლიცენზიის მფლობელი გიორგი ნარმანია. მისი თქმით, სამართალდარღვევის ოქმი პროცედურების დარღვევით, ნარჩენების გატანიდან ორი საათის შემდეგ შედგა.

„სუპერმარკეტ „სპარს“ აღნიშნული ტერიტორია იჯარით აქვს აღებული, შესაბამისად, ჩვენს სარგებლობაშია. ეს არის შიდა ეზო, გადახურულია. ამასთან, ეს არ იყო ნარჩენი. ეს იყო ქაღალდის ყუთები, რომელიც სამუშაო პროცესში გროვდება და რომელიც გაგვაქვს, მით უმეტეს, იმ პერიოდში მაღაზია გახსნილი არ იყო“, - აღნიშნა ნარმანიამ.

საპირისპიროს ამტკიცებენ უწყების თანამშრომლები. მათი თქმით, ოქმის შედგენა იმიტომ გაჭინაურდა, რომ „სპარის“ ადმინისტრაცია მათთან კომუნიკაციაში არ შევიდა.

„ეს არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. ჩვენ მოვითხოვთ სახდელის დადებას. კერძო საკუთრებაც რომ ყოფილიყო, ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში, ჩვენ ვალდებულები ვართ, რეაგირება მოვახდინოთ“, - განმარტა პროცესზე უწყების წარმომადგენელმა დალი სულაშვილმა.

პროცესზე მოპასუხე მხარემ ვიდეო სათვალთვალო კამერის ჩანაწერი მტკიცებულების სახით წარმოადგინა.

კითხვაზე, რატომ გაატანინა ყუთები დასუფთავების მანქანას ნარმანიამ მას შემდეგ, რაც ზედამხედველობის სამსახური მივიდა, “სპარის” მენეჯერმა განმარტა, რომ ის პატივს სცემს საჯარო მოხელეებს და მათი ინსტრუქცია გაითვალისწინა.




პროცესზე მხარეებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება რამდენჯერმე მოხდა, მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ მათ რამდენჯერმე მისცა გაფრთხილება.
„საჯარო მოხელე ასეთი აგრესიული ტონით არ უნდა საუბრობდეს, როგოrც პროცესზე ქალბატონი დალი საუბრობდა. მე არ ვიცი რა ინტერესი აქვთ. კატეგორიულად არ ვეთანხმები ამ სამსახურის პოზიციას. ეს ჩვენ მიერ აღქმულია ბიზნესზე ზეწოლად“, - უთხრა ჟურნალისტებს ნარმანიამ.

დალი სულაშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

საქმეზე შემდეგი პროცესი 23 ივნისს ჩაინიშნა.

ცნობისთვის, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურმა სუპერტმარკეტ „სპარის“ მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი ნარჩენების მართვის კოდექსის 31 მუხლის მე-8 ნაწილით შეადგინა. რაც საჯარიმო სანქციას 1000 ლარის ოდენობით ითვალისწინებს. თავის მხრივ, გიორგი ნარმანია აღნიშნულს მიზანმიმართულ ქმედებად აფასებს და მას ,,სპარის“ მეორე მაღაზიის გახსნასა და მიღწეულ წარმატებებს უკავშირებს.

ამავე თემაზე:

„სპარის“ მენეჯერი ზეწოლაზე საუბრობს და სასამართლოში ჩივილს აპირებს (ვიდეო)
Print