რეგიონი
ზუგდიდში მდინარე ჩხოუშის ნაპირას მოსახლეობამ ათობით ქვეწარმავალი იპოვა
ზუგდიდში, მდინარე ჩხოუშის ნაპირზე, ქვეწარმავლები აღმოაჩინეს. ადგილობრივების ინფორმაციით, ქვეწარმავლები მეზობლებმა იპოვეს და მოკლეს, შემდეგ კი მდინარეში გადაყარეს.



„სავარაუდოდ, ქვეწარმავლებს იქ ბუდე ჰქონდათ, რადგან აქ გველის ათობით კვერცხი და წიწილიც იყო. თითქმის, ერთი თვის წინ, აქ ერთ-ერთი საცხოვრებლის კიბეზეც ნახა მეზობელმა და მოკლა “, - უთხრა რადიო „ათინათს“ ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა.

მოსახლეობის მტკიცებით, მათ მერიის ცხელ ხაზზე დარეკეს, თუმცა მათ ზარებს არ უპასუხეს.

ქალაქის მერიის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა მაია ღუბელაძემ რადიო „ათინათს“ განუცხადა, რომ შესაბამისი სამსახურები იმ ტერიტორიების შეწამლვას, სადაც ქვეწარმავალთა გავრცელების კერებია, გამოდარებისთანავე დაიწყებს.



„ერთი კვირაა, ზედამხედველობის სამსახური ადგენს იმ ტერიტორიების რუკას, სადაც ე.წ. ცხელი კერებია. უმეტესად, ესაა მდინარის სანაპიროები. ჩვენ ყოველწლიურად ვახორციელებთ შეწამლვით სამუშაოებს და ცხადია, წელსაც შევწამლავთ“, - აღნიშნა ღუბელაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული სამუშაოებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 5 000 ლარია გამოყოფილი.

ნაპოვნი გველები, სავარაუდოდ, ანკარასებრთა ოჯახიდანაა და მათი უმეტესობა უშხამოა.

Print