რეგიონი
სოხუმი: დატბორილი ქუჩის მცხოვრებლების ევაკუაცია ნავებით განხორციელდა

ძლიერი წვიმის გამო სოხუმსა და მის შემოგარენში სახლები და ქუჩები დაიტბორა.

რამდენიმე პატარა მდინარე ნაპირიდან გადმოვიდა. გასული დღე - ღამის განმავლობაში „საგანგებო სამსახურის სამინისტროს“ ცხელ ხაზზე 35 შეტყობინება დაფიქსირდა. 

უწყების ხელმძღანელის ლევ კვიცინიას განცხადებით, მაშველები წუხელ ღამის 12 საათამდე მუშაობდნენ, რათა დაზარალებული მოსახლეობისთვის დახმარება გაეწიათ. განსაკუთრებით რთული სიტუაცია ჩანბას ქუჩაზე იყო, რომლის მცხოვრებლების ევაკუაცია ნავებით განხორციელდა.

"მიმდინარეობდა წყლის ამოქაჩვა, საავტომობილო და სახლებთან მისასვლელი გზების გაწმენდა. იმდენი შლამი დაგროვდა, რომ ზოგიერთი მოქალაქე სახლში შესვლასაც ვერ ახერხებდა. მანქანები ახლაც მუშაობენ სამ ადგილას. მუშაობას გავაგრძელებთ“, - განუცხადა კვიცინიამ „სპუტნიკ აბხაზიას“.

გამოცემის ცნობით, საგანგებო სამსახურის თანამშრომლებმა ქალაქის გაწმენდითი სამუშაოები დილის 5 საათიდან განაახლეს.


 

Print