რეგიონი
რუხში „თეგეტა მოტორსის“ სასწავლო ცენტრი გაიხსნა (ვიდეო) ®
რუხის სავაჭრო ცენტრში კომპანია "თეგეტა მოტორსმა" სასწავლო ცენტრი - "თეგეტა აკადემია" გახსნა. გარდა ამისა, კომპანიამ უკვე არსებული ფილიალიც გააფართოვა.



სასწავლო ცენტრი საკონფერენციო დარბაზებით, კომპიუტერული ლაბორატორიითა და ბიბლიოთეკით არის აღჭურვილი. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ცენტრის მიზანია რეგიონში პროფესიული განათლების პოპულარიზაცია, ავტო მომსახურების სფეროში მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება და მათი შემდგომი დასაქმება.



ამასთან, აღნიშნულ სასწავლო ცენტრში დაგეგმილია ავტორიზებული პროფესიული პროგრამების შესწავლა ავტომობილების მიმართულებით. საერთაშორისო პარტნიორები კი, მათ შორის, "ბოშის", "პორშეს", "ტოიოტას" და სხვა მსოფლიო ბრენდების წარმომადგენლები გადამზადების კურსებსა და ტრენინგებს ჩაატარებენ.



"ტრენინგცენტრი დაგვეხმარება ადგილობრივი ახალგაზრდების გადამზადებაში. ჩვენთან მაღალი ტექნოლოგიებისა და დონის აპარატურა დგას და თანამშრომელი, რომელიც მასზე მუშაობს, უნდა გადიოდეს შესაბამის მომზადებას. გარდა ამისა, შოთა მესხიას სახელიმწიფო სასწავლო უნივერსიტეტთან დადებული მემორანდუმის თანახმად, სტუდენტები თეორიულ სწავლებას - უნივერსიტეტში, პრაქტიკულს კი ჩვენს სერვისცენტრში გაივლიან", - აღნიშნა "თეგეტა მოტორსის" გენერალური დირექტორის მოადგილემ გიორგი მშვილდაძემ.



"თეგეტა მოტორსმა" რუხი მოლში განახლებული სერვისცენტრის გახსნისთვის დამატებით 350 000 ლარამდე ინვესტიცია განახორციელა და 40 -მდე ადგილობრივი დაასაქმა.



ცნობისთვის, ადგილზე მომხმარებელს შეუძლია როგორც მსუბუქი, ასევე სატვირთო მანქანების სრული ავტო-ტექ მომსახურებით სარგებლობა.

Print