რეგიონი
სამართალდამცავები ჯიხაშკარის ინციდენტზე: ტიბუას დაკავება ხალხმრავლობის გამო ვერ მოვახერხეთ (ვიდეო)
2016 წლის 8 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების დროს ჯიხაშკარის 108-ე საარჩევნო უბნის დარბევის ფაქტზე მოწმეების დაკითხვა გრძელდება. დღეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ბრალდების მხარის სამი მოწმე დაიკითხა.

ნარაზენის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლების, ელზა ქორთუასა და ლევან ქარჩავას მტკიცებით, საარჩევნო უბნის დარბევაში კაკო ტიბუა მონაწილეობდა. მათივე განმარტებით, ისინი ჯიხაშკარში არჩევნების დღეს პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ.



„ტიბუა უკვე დაყრილ ბიულეტენებს ფეხს აბიჯებდა, გარდა ამისა, აქტიურად და შეგნებულად ცდილობდა ინვენტარის დაზიანებას, მაგიდისა და სკამების გადაყირავებას. იყო აგრესიული, ხმამაღლა ლაპარაკობდა, მაგიდიდანაც გადმოყარა ბიულეტენები“, - უთხრა სასამართლოს ქორთუამ.

აღნიშნულზე ადვოკატმა როლანდ შონიამ განაცხადა, რომ საქმეში არსებულ მტკიცებულებებში ფეხის დადგმის შედეგად დაზიანებული ბიულეტენები არ არსებობს.

ადვოკატის კითხვაზე, რატომ არ დააკავეს ტიბუა, თუკი ის დანაშაულს ჩადიოდა, სამართალდამცავებმა უპასუხეს, რომ ხალხმრავლობა იყო და ამას ფიზიკურად ვერ მოახერხებდნენ. მათივე თქმით, ისინი კომისიის წევრების უსაფრთხოებასა და ინვენტარის დაცვაზე იყვნენ ორიენტირებულები.



ადვოკატმა როლანდ შონიამ სხდომაზე აღნიშნა, რომ ადრე დაკითხული ბრალდების მხარის მოწმეებიდან, დარბევის მომენტში საარჩევნო უბანზე სამართალდამცავების ყოფნას არც ერთი არ ადასტურებს. ამასთან დაკავშირებით, შონიამ კითხვით პოლიციის თანამშრომლებსაც მიმართა, თუმცა კითხვაზე მათ პასუხი ვერ გასცეს.

დაცვის მხარეს სამართალდამცავების ჩვენების არ სჯერა და მათ რეალობას მოკლებულს უწოდებს. ადვოკატის თქმით, მოწმეებმა ვერ განმარტეს, საიდან იცნობენ ბრალდებულს და ინციდენტის დროს უბანზე მყოფი პირებიდან რატომ იცნეს მხოლოდ ის. შონიას განცხადებით, ყველა გარემოება მიუთითებს იმაზე, რომ დარბევის დროს სამართალდამცავები ადგილზე არ იმყოფებოდნენ.



„არცერთი კომისიის წევრი და სხვა ობიექტური მოწმე არ ადასტურებს პოლიციელების იქ ყოფნას. ამას გარდა, ყველა სხვა დეტალი მოწმობს, რომ სამართალდამცავები ადგილზე არ იყვნენ და არც კაკო ტიბუა უნახავთ და არც სხვა ვინმე. მათ ვერ გაიხსენეს დეტალები, სად და როდის გაიცნეს ტიბუა. ალბათ, დავალება აქვთ ასეთი. ბუნებრივია, პოლიციელი მისი უშუალო ხელმძღვანელობის გარეშე მსგავს ჩვენებას ვერ მისცემს და ვერც ვერანაირ მოქმედებას განახორციელებს“, - უთხრა რადიო „ათინათს“ შონიამ.

სამართალდაცავების გარდა, დღევანდელ პროცესზე 67-ე საოლქო საარჩევნო უბნის თავმჯდომარის მოადგილე ნანა ოყუჯავა დაიკითხა. მისი თქმით, დარბევის შედეგად საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მიყენებული ზარალი 3 850 ლარს შეადგენს.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით 14 მოწმე უკვე დაიკითხა. სასამართლომ ბრალდების მხარის კიდევ 30-მდე მოწმეს უნდა მოუსმინოს.

შემდეგი სასამართლო სხდომა მოსამართლემ 7 აგვისტოს ჩანიშნა.

ცნობისთვის, ჯიხაშკარის 108-ე უბნის დარბევის ბრალდებით დაკავებულ კაკო ტიბუას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით 13 ოქტომბერს 10 ათასი ლარის ოდენობის გირაოს გადახდა დააკისრა.


ამავე თემაზე:

ჯიხაშკარის ინციდენტზე ბრალდებული სასამართლო დარბაზიდან გააძევეს
Print