რეგიონი
უშგულში კოშკი ჩამოინგრა
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულში კოშკი ჩამოინგრა. გამგებლის წარმომადგენლის ბესო ჩარქსელიანის თქმით, ნაგებობას ბზარები რამდენიმე წლის წინ გაუჩნდა. მისივე ინფორმაციით, კოშკთან ერთად ერთ-ერთი სვანური სახლიც დაინგრა და იგივე ემუქრება სხვა კოშკებსაც, რომელთაც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო კურირებს.

,,კოშკს ჰქონდა ბზარები, ამის შესახებ კულტურის სამინისტრო ფლობდა ინფორმაციას, მაგრამ მათ არაფერი იღონეს ’’,- უთხრა რადიო „ათინათს“ ჩარქსელიანმა.


ფოტო: ლევან ნიჟარაძე
გამგებლის წარმომადგენლის პოზიციას იზიარებს კოშკის მეპატრონე გიორგი ჩარკვიანიც. ის ამბობს, რომ თუ აღნიშნულ ფაქტს კულტურის სამინისტროდან რეაგირება არ მოყვა, მოსახლეობა სოფლამდე მისასვლელ გზებს გადაკეტავს.

,,სამი წელია ამ პრობლემის წინაშე ვდგავართ და არავინ გვაქცევს ყურადღებას. არც ჩვენ გვაქვს უფლება ჩვენი გზებით ჩავუტაროთ კოშკებს რესტარვაცია-რეაბილიტაცია. დღეს დაველოდებით სამინისტროს რეაგირებას და თუ არავინ დაგვიკავშირდა, მაშინ გადავკეტავთ გზას და ტურისტიც ვერ ამოვა. იქნებ, ამის მერე მაინც მოგვაქციონ ყურადღება,"- თქვა ჩარკვიანმა.

თავის მხრივ, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში ადგილობრივების ბრალდებებს ბოლომდე არ იზიარებენ და აცხადებენ, რომ სამინისტროს წარმომადგენლები კოშკებს ადგილზე უახლოეს დღეებში დაათვალიერებენ.

,,ჩვენი ჯგუფი არაუგვიანეს ხვალინდელი დღისა ადგილზე ჩავა და შეისწავლის მდგომარეობას. წინასწარ რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ჩვენ ყველანაირად შევეცდებით აღდგენითი სამუშაოები ამ ზაფხულს ჩავატაროთ. რაც შეეხება უყურადღებობას, მე ამ ბრალდებას ბოლომდე არ ვიზიარებ, რადგან ბევრი მაგალითია იმისა , რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები არაერთ კოშკს ჩაუტარდა და უტარდება", - უთხრა რადიო ,,ათინათს"" კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს წარმომადგენელმა ბექა ბარამიძემ.

კოშკი ჩამონგრევამდე. ფოტო: ლევან ნიჟარაძე 

ცნობისთვის, უშგულის თემი 4 სოფლისგან (ჟიბიანი , ჩვიბიანი, მურყმელი, ჩაჟაში) შედგება და მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 2060 მეტრიდან 2200 მეტრამდე მერყეობს. უშგული ევროპის ყველაზე მაღალ დასახლებულ პუნქტად მიიჩნევა. თემის ცენტრი - სოფელი ჩაჟაში მუზეუმადაა გამოცხადებული და იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი.




Print