რეგიონი
უშგულში მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა
უშგულის თემ სოფელ ჩვიბიანში მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. ადგილობრივები კულტურის სამინისტროსგან სვანური კოშკების რეაბილიტაციას ითხოვენ. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი მას შემდეგ დაიშალნენ, რაც მუნიციპალიტეტის გამგებელის კაპიტონ ჟორჟოლიანისგან კოშკების აღდგენის პირობა მიიღეს

,,დაგვპირდნენ, რომ ხვალ მოინახულებენ კოშკებს და აღდგენითი სამუშაოები დაიწყება. თუ ეს დაპირება მხოლოდ დაპირებად დარჩება, მაშინ კვლავ გავმართავთ აქციას და გზას გადავკეტავთ’’, - უთხრა რადიო ,,ათინათს’’ ჩვიბიანის მიკვიდრმა გიორგი ჩარკვიანმა.

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩვიბიანში კოშკი 22 ივნისს ჩამოინგრა. გამგებლის წარმომადგენლის ბესო ჩარქსელიანის თქმით, ნაგებობას ბზარები რამდენიმე წლის წინ გაუჩნდა. მისივე ინფორმაციით, კოშკთან ერთად ერთ-ერთი სვანური სახლიც დაინგრა და იგივე ემუქრება სხვა კოშკებსაც, რომელთაც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო კურირებს.

თავის მხრივ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ ჩამოშლილი კოშკის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყება.

ამავე თემაზე: 

უშგულში კოშკი ჩამოინგრა

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო: ჩამოშლილ სვანური კოშკს რეაბილიტაცია წელსვე ჩაუტარდება
Print