რეგიონი
კორცხელის ინციდენტზე ხუთი მოწმე დაიკითხა
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა. საქმეზე ბრალდების მხარის 5 მოწმე დაიკითხა. დაკითხულთაგან ვერცერთმა ბრალდებულები ვერ ამოიცნო.

ერთ-ერთი მოწმის, კორცხელის მკვიდრის თქმით, ის ცდილობდა ორი დაპირისპირებული მხარის გაშველებას, თუმცა მას მოჩხუბრების სახეები არ ახსოვს.

,, ქუჩაში შეგროვილი ხალხი ერთმანეთს ურტყამდა. სახეებს ვერ გაარჩევდი, ისეთი არეულობა იყო. ეს ხელჩართული ფიზიკური დაპირისპირება, დაახლოებით, 30 წუთი გაგრძელდა’’, - თქვა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

სხდომას ხუთი ბრალდებული ესწრებოდა, გრიგოლ ტყემალაძე კი დარბაზში სკაიპით ჩაერთო.

მოსამართლე შოთა ბიჭიამ მომდევნო სხდომა 31 აგვისტოს ჩანიშნა.

ცნობისთვის, 22 მაისს, შუალედურ არჩევნებში, კორცხელის საარჩევნო უბანთან, სპორტსმენები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს დაუპირისპირდნენ.

დაზიანებები მიიღო რამდენიმე მათგანმა, მათ შორის გიგა ბოკერიამ, ნიკა მელიამ, თენგიზ გუნავამ. მათ სახეზე სისხლის კვალიც აღენიშნებოდათ. ექვსი ადამიანი სხვადასხვა სახის დაზიანებით ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშიც იყო გადაყვანილი, მათ შორის- ორი პოლიციელი.

Print