რეგიონი
სოფელ ცაიშში დევნილები ბინით უზრუნველყოფას ითხოვენ (ვიდეო)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშის სანატორიუმის სამრეცხაოს ყოფილ შენობაში მცხოვრები დევნილები განსახლებას ითხოვენ. ისინი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში შაეიკრიბნენ და საკუთარ პრობლემებზე ისაუბრეს. დევნილების თქმით, აღნიშნულ შენობაში ისინი 25 წელია გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ.

„ვის არ მივმართეთ, არავინ ყურადღებას არ გვაქცევს. ბინით არ დაგვაკმაყოფილეს, რადგან 4 ქულა მოგვანიჭეს, რაც არ გვყოფნის ფართის მისაღებად“, - ამბობენ დევნილები.

სამრეცხაოს ყოფილ შენობაში მცხოვრებ დევნილებთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მივიდნენ და მათი პრობლემები ადგილზე მოისმინეს.



„შენობა არის ავარიულ მდგომარეობაში და ეს ადამიანები დგანან ყოველდღიური საშიშროების წინაშე. ადგილობრივი მთავრობას რეაქცია ამ ყველაფერზე არის ნულის ტოლფასი. ჩვენ მოვუწოდებთ მათ, ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატს ედიშერ თოლორაიას, რომ დაინტერესდეს დევნილების მდგომარეობით და დაეხმაროს მათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ დევნილებთან ერთად ჩვენ დავდგებით მაჟორიტარის ბიუროსთან“, -თქვა ენმ-ის ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ანა წითლიძემ.




თავის მხრივ, სამეგრელო-ზემო სვანეთის დევნილთა სამმართველოს უფროსის მანუჩარ ჩილაჩავას თქმით, სამინისტრო ინფორმირებულია ამ შენობის თაობაზე, თუმცა ამ ეტაპზე მათი ბინებით უზრუნველყოფა ვერ მოხერხდება, რადგან ამისთვის საკმარისი ქულები არ აქვთ.

დევნილების დღევანდელი შეკრების შესახებ ჟურნალისტები ენმ-ს ზუგდიდის ორგანიზაციის წარმომადგენლება დააუწყეს.

„აღნიშნული ფართიდან მათ გამოთავისუფლებას სამინისტრო არ აპირებს, ჩვეულებრივ, კონკურსის წესით განაწილდება ბინები და მათ შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა ამ პროცესში“,- აღნიშნა ჩილაჩავამ.

დევნილთა სამმართველოში აცხადებენ, რომ ზემოაღნიშნულ შენობაში მცხოვრებ დევნილებს „სოფლად სახლების შეძენის“ პროგრამა შესთავაზეს, თუმცა მათ უარი განაცხადეს.

Print