ახალი ამბები
გუბერნატორი ფოთის სავაჭრო ცენტრის ხანძარზე: ვითარება ძალიან მძიმეა
ფოთის სავაჭრო ცენტრში, სადაც ხანძარი გაჩნდა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია მივიდა. მისი განცხადებით, ზარალის დამგენი სპეციალური კომისია შეიქმნება.

გუბერნატორის თქმით, შესაბამისი მოლაპარაკებები ბანკებთანაც გაიმართება.

„ ვიცით, რომ ბანკის სესხები აქვთ, მაგრამ ვიდრე ექსპერტიზა დასკვნას არ დადებს, ვერაფერს ვიტყვით. სახანძრო-სამაშველო ბრიგადების ასეთი ოპერატიული მუშაობა რომ არა, შესაძლოა, სავაჭრო ცენტრი მთლიანად დამწვარიყო“, - განაცხადა შონიამ.

ფოთის ბაზარში მაღაზიების დაწვის ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო. როგორც რადიო „ათინათს“ შს სამინისტროში განუცხადეს, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით აღიძრა, რაც სხვისი ნივთის განადგურებას გულისხმობს.

ფოთის ბაზარში, პირველადი ინფორმაციით, 40-მდე მაღაზია დაიწვა. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ ფოთის მერმა ირაკლი კაკულიამ განუცხადა. მისივე ცნობით, სავარაუდოდ, ხანძარი 500 კვ. მ-ზე იყო გავრცელებული. ფოთის ბაზარში ხანძარი დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა შენიშნეს. მათვე გამოიძახეს სამაშველო სამსახურები. ხანძრის გამომწვევი მიზეზები, ჯერჯერობით, უცნობია. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია.

ამავე თემაზე:

ფოთის ბაზარში ხანძარი ლოკალიზებულია
Print