რეგიონი
ზუგდიდის საკრებულოში ენმ-ს ფრაქცია დაიშალა
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოში ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პარტია "ევროპული საქართველოს" წევრმა ბათლომე შელიამ დატოვა. დეპუტატმა ამის შესახებ სოციალურ ქსელ ფეისბუქზე დაწერა.

"მიუხედავად მძიმე დაპირისპირებისა და ტალახის სროლისა, მე დღემდე შევინარჩუნე "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქცია. გავითვალისწინე რა ძალიან ბევრი ფაქტორი, მათ შორის NDI-ს რეკომენდაცია, რომელიც მხოლოდ ფრაქციებთან მუშაობდა, აგრეთვე ის ფაქტი, რომ საკრებულო რჩებოდა ოპოზიციური ფრაქციის გარეშე... მთავარი მაინც ის იყო, რომ მე არ მინდოდა ვყოფილიყავი საკრებულოში ერთადერთი ოპოზიციური ფრაქციის დაშლის მიზეზი და წუხანდელი პოლემიკის დროს დიდი პოლიტიკოსი რომ გყავთ ენმ-ს, იმან წამომაყვედრა ფრაქციაში ხარო...

ჩემთვის ტვირთი იყო მორალური ჯერ კიდევ ფრაქციაში ყოფნა, მაგრამ ვცდილობდი დამებალანსებინა. რახან ასე უდგებით ამ საკითხს, მე დღესვე გავდივარ ფრაქციიდან და ზუგდიდის საკრებულოში ერთადერთი ოპოზიციური ფრაქციის დაშლაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა შეგიძლიათ ინებოთ", - წერს შელია.

ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარის ანა წითლიძის თქმით, ყოფილ თანაგუნდელს ფრაქციის დატოვება ჯერ კიდევ ოთხი თვის წინ შესთავაზეს.

"ბათუკა შელიას ფრაქცია მანამდეც ჰქონდა დატოვებული, დატოვებული კი არა ფრაქციიდან იყო გარიცხული ჩემი და ლევან კონჯარიას გადაწყვეტილებით, მაგრამ შეგნებულად არ წერდა განცხადებას ფრაქციიდან გასვლაზე, ამიტომ ეს არის სიაფანტობა. თქვენ გაიხსენეთ ჩემი პირველი განცხადება ფრაქციასთან დაკავშირებით, რომელშიც მე პირადაპირ ვთქვი და მოვუწოდე გასულიყო ფრაქციიდან, მაგრამ არ გავიდა. არ გადიოდა კონკრეტული ფინანსური სარგებლის გამო, სხვა დანარჩენი არის ტყუილი ბათუკა შელიას მხრიდან. ამასთან, ფრაქციაში ბათუკა შელიას მუშაობა იყო ნულის ტოლფასი.... ფრაქციის დაშლა არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ დღეს ვერ გავაკეთებთ იმავეს, რასაც აქამდე ვაკეთებდი", - აღნიშნა წითლიძემ.

წითლიძის ზემოაღნიშნულ განცხადებაზე შელია ასე პასუხობს: "თუ გარიცხული ვიყავი, რას ნიშნავს არ ვწერდი განცხადებას...აი, ასეთ არაადეკვატური განცხადებებით გამოირჩევა წითლიძე".

რაც შეეხება ფინანსურ სარგებელს, შელიას თქმით, ფრაქციაში ყოფნით მას არანაირი სარგებელი არ ჰქონდა, რადგან ხარჯებისთვის იმდენივე თანხა მერიცხებდა, რამდენიც რიგით დეპუტატს.

ცნობისთვის, ქალაქის საკრებულოში ფარაქცია "ნაციონალურ მოძრაობა" სულ სამი დეპუტატისგან შედგებოდა. თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, ფრაქცია არანაკლებ 3 დეპუტატისაგან უნდა შედგებოდეს

Print