რეგიონი
აზიური ფაროსანას წინააღმდეგ წამლობის მეორე ეტაპი არ ჩატარდება (ვიდეო)
სამეგრელოს რეგიონში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ შესაწამლი ღონისძიების პირველი ეტაპი დასრულდა. სამხარეო ადმონისტრაციის შენობაში დღეს გამართულ შეხვედრაზე სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურა ჩეკურაშვილმა აღნიშნა, რომ წამლობა წარმატებით განხორციელდა და მავნებელი საგრძნობლად შემცირდა. მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე შეწამვლითი ღონისძიებები შეჩერდება, რადგან პრეპარატს აქვს გაყოვნების პერიოდი, რაც ერთ თვეს მოიცავს და შესაბამისად, შეწამლვითი ღონისძიებების მეორე ვერ მოესწრება. შეხვედრაზე ითქვა, რომ მონიტორინგი გრძელდება და შესაძლოა, შეწამვლითი ღონისძიებები თხილის მოსავლის აღების შემდეგ გაგრძელდეს.

"გაკეთდა ის რაც უნდა გაკეთებულიყო გეგმის მიხედვით, დაიდო არაჩვეულებრივი შედეგი და მნიშვნელოვნადაა შემციებული აზიური ფაროსანას პოპულაცია, მიუხედავდ იმისა, რომ წელს არასახარბიელო კლიმატური პირობები იყო, რამაც დააგვიანა მავნებლის სამალავებიდან გამოსვლა ", - აღნიშნა ჩეკურაშვილმა.

შეხვედრას საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის მთავარი აგრონომის რევაზ შონიაც ესწრებოდა. მან აღნიშნა, რომ აზიურ ფაროსანასთან ერთად წელს დასავლეთ საქართველოში თხილის სხვა დაავადებებიც გავრცელდა. აგრონომი მოსახლეობას მავნებლებისა და დაავადებების წინააღმდეგ კომპლექსურ მიდგომას ურჩევს.

"გამოგვრჩა ძალიან რთული თემა, სოკოვანი დაავადებები, მაგრამ სახელმწიფო ყველაფერს ვერ გააკეთებს. იმ ფართობებში, სადაც ჩვენი რეკომენდაციით მოხდა წამლობა ე.წ კომბინირებული ნაზავით, დაზიანების ხარისხი არ აღემატება 8 %-ს , ჩვენს კურირების ქვეშ მყოფ ფართობებში ჩვენ უკვე მოვასწარით სამჯერ წამლობა და შედეგი გვაქვს ძალიან კარგი. დღეს დასავლეთში შემოსავლის ერთადერთი წყარო თხილია და ის სავალალო მდგომარეობაშია. მის შეწამლვას კი დიდი თანხები არ სჭირდება. ერთ ჰექტარზე 150 ლარი სრულიად საკმარისია",- ამბობს აგრონომი.

დღევანდელ შეხვედრაზე სურსათის სააგენტოს უფროსმა ექსპორტიორებს მოუწოდა, რომ თხილის მოსავალი ექსპორტზე 1 აგვისტოს შემდეგ გაიტანონ, რადგან არის საშიშროება, რომ ეს პესტიციდი პროდუქტს გაჰყვეს.

Print