ახალი ამბები
ბიზნეს ფესტივალი "ანაკლიობა" დღეს გაიხსნა (ფოტო-ვიდეო)
პირველი ბიზნეს ფესტივალი "ანაკლიობა" 2017 დღეს გაიხსნა. ღონისძიებაზე ადგილობრივმა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულმა მეწარმეებმა საკუთარი პროდუქცია წარმოადგინეს.



ფესტივალზე გურიიდან ჩამოვიდა კომპანია „სკიჯის“დამაარსებელი არჩილ კალანდაძე. მისი კომპანია ჩირებს, ჩურჩხელებს და სხვა პროდუქტს აწარმოებს. კალანდაძის თქმით, მსგავსი ბიზნეს ფესტივალები ქართული პროდუქციის პოპულარიზაციისთვის აუცილებელია.



„ვფიქრობ, რომ კარგია, უცხოელები რომ გაიცნობენ ქართულ ნატურალურ პროდუქტს. დღეს მსოფლიოში სწორედ ამაზეა განსაკუთრებული მოთხოვნა. ანაკლიობა კი ამაშე დაგვეხმარება“, - აღნიშნა მან.

ტაილანდური ნაყინის ობიექტი აქვს წარმოდგენილი ოტობაიის მკვიდრ გიორგი ტაბაღუას. მისი თქმით, მსგავსი ბიზნეს ფესტივალები ტურისტული განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.



„ვფიქრობ, ტაილანდური ნაყინი უცხოა საქართველოსთვის. რაც შეეხება ანაკლიობას, კარგი იქნება, თუკი ეს ფესტივალი ბიზნესის განვითარებაში ახალგაზრდების ჩართულობასაც შეუწყობს ხელს“, - თქვა ტაბაღუამ.

საკუთარი ნამუშევრები ჰქონდა წარმოდგენილი ზუგდიდში არსებულ „კერე ჰაუზს“. მისი დამფუძნებლის მაკა ქაჯაიას თქმით, ფესტივალში მონაწილეობა კარგი შესაძლებლობააა, რომ საკუთარი პროდუქცია ადგილობრივმა მეწარმეებმა ევროპელ მომხმარებელს გააცნონ.



„ევროპელებთან არ გვქონია კონტაქტი. ახლა კი, სამი-ოთხი დღის განმავლობაში გვექნება შეხება მათთან და მაინტერესებს მათი შეფასებები ჩვენს პროდუქციასთან დაკავშირებით“, - დასძინა ქაჯაიამ.

ბიზნესფესტივალი ანაკლიაში USAID-ის მისიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ტომას მორისმა და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გახსნეს.

მოგვიანებით Gem-Fest-ის დამფუძნებელმა გიორგი სიგუამ სტუმრებს მუსიკალური ფესტივალის ტერიტორია და სამზადისი დაათვალიერებინა. Gem-Fest 2017 14 ივლიას დაიწყება.



„ასზე მეტი ობიექტი უკვე დასრულებულია, ინფრასტრუქტურული სამუშაოები თითქმის დასრულებულია და 14 ივლისს დაიწყება მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივი ფესტივალი აიღებს სტარტს. ამერიკელები ძალიან დაგვეხმარნენ და დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მათ. გარდა ამისა, მინდა შეგახსენოთ, რომ ერთადერთი კატეგორია ადამიანებისა, ვინც აქ უფასოდ ყველანაირ სერვისს მიიღებს აფხაზეთში მცხოვრები ადამიანები არიან“, - აღნიშნა სიგუამ.



ბიზნეს ფესტივალ ანაკლიობა 2017-ზე ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტიც გაიმართა.



ბიზნეს ფესტივალი ანაკლიობა დღეს გაიხსნება (ვიდეო)
Print