რეგიონი
სოციალური დაცვის საკითხები - რეგიონული კონფერენცია ანაკლიაში (ვიდეო)
ჩეხურმა ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ (PIN) და საქველმოქმედო ცენტრმა „თანაზიარმა“ ანაკლიაში რეგიონული კონფერენცია გამართეს. შეხვედრაზე პროექტის „სოციალური დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გაძლიერება სტრატეგიულ დიალოგში საქართველოში“ ფარგლებში, სხვადასხვა სოციალური სერვისი განიხილეს.

პროექტის მენეჯერის ნანა ყურაშვილის თქმით, მუნიციპალიტეტებისთვის გრძელვადიანი პროექტების დანერგვა აუცილებელი და მნიშვნელოვანია.

,, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთჯერადი ფულადი დახმარებიდან გადავიდეთ გრძელვადიან სოციალურ სერვისებზე, რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობის და კერძოდ მოწყვლადი ჯგუფების მდგომარეობის გაუმჯობესებას’’,- თქვა ყურაშვილმა

გარდა ამისა შეხვედრაზე ყველა ის აქტივობა შეაჯამეს, რომელიც პროექტის ფარგლებში განხორციელდა.

აღნიშნული პროექტის მიზანია თვითმმართველობის ორგანოებისა და სოციალური სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციების თანამშრომლობის გაძლიერების გზით სოციალური სერვისების გაუმჯობესება.

ღონისძიებას მრჩეველთა საბჭოს წევრები, ადგილობრივი თვითმართველობის და სამეგრელოს ცხრა მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი ესწრებოდა.

ცნობისთვის, ზუგდიდის ადგილობრივი სოციალური ჩართულობის სტრატეგია PIN-ის პროექტის „სოციალური დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გაძლიერება სტრატეგიულ დიალოგში საქართველოში“ ფარგლებში ზუგდიდის მრჩეველთა საბჭოს მიერ შემუშავდა. მასში გაწევრიანებული არიან თვითმართველობის ადგილობრივი სათემო ჯგუფების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. აღნიშნულ პროგრამას ევროკავშირისა და ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით ახორციელებს

Print