რეგიონი
ენგურჰესის ინფრასტრუქტურული პროექტის პრეზენტაციას პრემიერ-მინისტრი დაესწრება
ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის ტერიტორია ტურისტული ზონა ხდება. კაშხლის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ზონის პროექტის კონცეფციის პრეზენტაციას დღეს პრემიერ-მინისტრი დაესწრება.

კონცეფციის მიხედვით, ენგურჰესის კაშხლის ტურისტული ინფრასტრუქტურა გადასახედ მოედნებს, საბაგირო გზას, სამეცნიერო ცენტრს, ღია საკონცერტო სივრცეს, სანაოსნო ინფრასტრუქტურას, მაღალ ლიფტსა და ექსტრემალური კომპონენტების შემცველ რამდენიმე ატრაქციას მოიცავს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის ადმინისტრაციის ცნობით, სამუშაოებში 200-მდე ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდება.

სამშენებლო სამუშაოების საინვესტიციო მოცულობა დაახლოებით 50 მილიონ ლარს შეადგენს, რომლის მოსაძიებლად, პოტენციურ ინვესტორებთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.

ტურისტული ზონის პროექტირება, რომლისთვისაც 2 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო, ერთ წელიწადს გაგრძელდება.

Print