რეგიონი
ბოტანიკურ ბაღში შესვლა შესაძლოა ფასიანი გახდეს (ვიდეო)
რეაბილიტაციის შემდეგ ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შესვლა ფასიანი იქნება. ამის შესახებ ირაკლი გოგოხიამ ქალაქის მერიაში გამართულ საჯარო შეხვედრაზე განაცხადა. ბაღის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით სამომავლო გეგმების განხილვისას მერმა აღნიშნა, რომ ჯერ არ არის დაზუსტებული, თუ რა საფასურის გადახდა მოუწევთ მოქალაქეებს ბაღის შესასვლელად.

„შემოსული თანხა მთლიანად ბაღის მოვლა-პატრონობას მოხმარდება“, - აღნიშნა ქალაქის მერმა.

დღევანდელ შეხვედრაზე ასევე ითქვა, რომ რეაბილიტაციის შემდეგ ბაღს პირვანდელი სახე დაუბრუნდება და სამუშაოების მიმდინარეობისას გარემოზე მავნე ზემოქმედება მინიმუმამდე იქნება დაყვანილი.

„სამუშაოების დროს გამოიყოფა მტვერი და ემისიები, იქნება ხმაური და ვიბრაციები, ამასთან იქნება ნარჩენების გამოყოფაც, მაგრამ კონტრაქტორი, ვინც ბაღში სამუშაოებს განახორციელებს, ვალდებული იქნება გარემო მავნე ზემოქმედებისგან დაიცვას. მას განესაზღვრება სამუშაო მარშრუტი და სამუშაო საათებიც“ - აღნიშნა მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენელმა ქეთევან პაპაშვილმა.

პროექტი ბაღის ტერიტორიაზე არსებული შენობების და ტბის პირვანდელი სახით აღდგენას, საფეხმავლო ბილიკების, განათების, რეკრეაციული ზონისა და საჯინიბოს მოწყობას ითვალისწინებს. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის (RMIDPS) ფარგლებში ხორციელდება. მას მსოფლიო ბანკი აფინანსებს. ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციის საჯარო განხილვას ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.





Print