რეგიონი
პრეზიდენტმა თვითმმართველი ქალაქებისთვის სტატუსის გაუქმებას ვეტო დაადო
საქართველოს პრეზიდენტმა "ადგილობრივი" თვითმმართველობის კოდექსში შესატან ცვლილებებს ვეტო დაადო. მარგველაშვილის თქმით, ის საკუთარ მოტივირებულ შენიშვნებს პარლამენტს უკან გადაუგზავნის.

„ამ ქალაქებს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი მიენიჭა 2014 წელს „ქართული ოცნების“ მიერ განხორციელებული რეფორმის ფარგლებში, რომელიც დასაწყის ეტაპზე ითვალისწინებდა ამ 7 ქალაქისთვის მინიჭებას ამ სტატუსისა და ეს პროცესი შემდგომ უფრო უნდა გაღრმავებულიყო. ეს პროცესი თავის დროზე შეფასდა უაღრესად დადებითად, როგორც ქართული საზოგადოების, ისე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ და ამ პროცესის უკან შეტრიალება არის აბსოლუტურად არამოტივირებული და მიუღებელი. როდესაც 7 ქალაქს ერთმევა თვითმმართველი ქალაქის სტატუსი, ეს აკნინებს თვითმმართველობის გაღრმავებასა და გაძლიერებას ქვეყანაში. არადა თვითმმართველობა არის ის ერთადერთი, რეალური, ეფექტური დემოკრატიული მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს მთავრობის, ხელისუფლების, ადგილობრივი ხელისუფლების ეფექტურ სამსახურს მთავარი შემკვეთის - ამომრჩევლის მიმართ და ამაზე ეფექტური მექანიზმი, სახელმწიფო როგორ უნდა ემსახუროს თავის საზოგადოებას, არ არსებობს და ეს პროცესი პირიქით, უნდა გაღრმავებულიყო“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, მუნიციპალიტეტების გაერთიანებასთან დაკავშირებით კანონპროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტურქტურის სამინისტრომ წარმოადგინა. წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, 12 თვითმმართველი ქალაქის ნაცვლად 5 თვითმმართველი ქალაქი დარჩება.თვითმმართველის სტატუსი უნარჩუნდება თბილისს, ფოთს, ქუთაისს, ბათუმსა და რუსთავს. აღნიშნული სტატუსი უუქმდება ზუგდიდს, ახალციხეს, თელავს, გორს, ამბროლაურის, ოზურგეთსა და მცხეთას.
Print