რეგიონი
წალენჯიხაში საპროტესტო აქცია იმართება (ვიდეო)
წალენჯიხაში, გამგეობის შენობის წინ, ამ წუთებში აქცია იმართება. გიორგი მიქავას ოჯახის წევრები, ახლობლები და ადგილობრივები მისი ხონში ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში იძულებით მოთავსებას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები ექსპერტიზის ხელახალ ჩატარებას მოითხოვენ. ამასთან, მათ გამგებელთან ბესიკ ფარცვანიასთან სურთ შეხვედრა. გამგეობაში კი აცხადებენ, რომ ფარცვანია ჯერ სამსახურში არ იმყოფება.



ოჯახის წევრების ინფორმაციით, გიორგი მიქავას, რომელსაც გონებრივი განვითარების შეფერხება აღენიშნება, გამგეობის კუთვნილი თუნუქის მეორადი ფურცლები აჩუქეს. სამართალდამცავებმა კი ის მაშინ დაიჭირეს, როცა მას ჯართი სახლში მიჰქონდა. მათივე ინფორმაციით, სასამართლოს შემდეგ კი გადაწყდა, რომ დაკავებულის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსება და მკურნალობა იყო საჭირო.

„ადამიანი, რომელმაც გიორგის ეს ,,ჟეშტები" აჩუქა, ახლა ამბობს, რომ მან ჯართი, რომელიც ჩემს ძმას აჩუქა, გიორგიმ უკვე წაიღო. რაც შეეხება ძველ სახურავს, რომელზეც ახლა არის საუბარი, ამბობს, რომ არ უჩუქნია“, - უთხრა რადიო „ათინათს“ მიქავას დამ ანა მიქავამ.



ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მიქავა სოციალურ საშიშროებას წარმოადგენს და იძულებით ფსიქიატრიულ მკურნალობას საჭიროებს. ოჯახის და მეგობრების მტკიცებით კი, მას ადამიანების მიმართ აგრესია არასოდეს გამოუვლენია და მისი საავადმყოფოში გამოკეტვა უსამართლოა.

მიქავას ახლობლები მის გასათავისუფლებად ხელმოწერებს აგროვებენ.


Print