რეგიონი
ფოთში მოვაჭრეები მერიასთან საპროტესტო აქციას მართავენ
ფოთის ბაზრობაზე ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები მერიასთან საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი ადგილობრივ ხელისუფლებასა და ბაზრის ადმინისტრაციას ერთჯერად ფინანსურ დახმარებას სთხოვენ, რათა ხელახლა შეძლონ საქმიანობის დაწყება.

როგორც დაზარალებულები აცხადებენ, კონკრეტული პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.

,,გვეგონა, მოგვაქცევდნენ ყურადღებას, მაგრამ არავის ვახსოვართ. ჩვენს უკან ოჯახები დგას. გვაქვს საბანკო დავალიანებები, რომლებიც დღითიდღე იზრდება. ვაძლევთ დროს ორშაბათამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში, პარლამენტის წინ პერმანენტულ აქციებს გავმართავთ“, - განაცხადა ერთ-ერთმა მოვაჭრემ ხათუნა ზაქარაიამ.

ფოთის მერიაში აღნიშნულ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.

ხანძარი ფოთის ბაზრობაზე 10 ივლისს გაჩნდა. ცეცხლი, დაახლოებით, 2000 კვადრატულ მეტრ ფართობზე იყო გავრცელებული. სულ ხანძრის ჩაქრობას 9 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა ცდილობდა, მათ შორის, მეზობელი რაიონებიდან ჩამოსული სახანძროები.

ფოთის ბაზრობაზე მომხდარ ხანძართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

წყარო: პირველი არხი


Print