რეგიონი
დე ფაქტო აფხაზეთში სამუშაო ვიზები ერთი წლის ვადით გაიცემა
დე ფაქტო აფხაზეთში სამუშაო ვიზები უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ერთი წლის ვადით გაიცემა. შესაბამისი კანონპროექტი აფხაზმა დეპუტატმა დიმიტრი გუნბამ წარადგინა.

აფხაზური მედიის ცნობით, მანამდე ვიზის მიღება მხოლოდ დამსაქმებლის მოწვევით იყო შესაძლებელი. თუმცა, ამავე ინფორმაციით, გარკვეული დროის შემდეგ „უცხო ქვეყნის მოქალაქეები უმუშევრად რჩებოდნენ, ხოლო მიგრაციული სამსახური უარს აცხადებდა მათთვის ვიზის გაცემაზე. შედეგად, ისინი უკანონო გზებით მოიძიებდნენ სამუშაოს, და თავს არიდებდნენ კონტროლს და რეგისტრაციას“.

„კანონში“ შეტანილი ცვლილებების თანახმად, ამიერიდან სამუშაო ვიზის მიღებას უცხო ქვეყნის მოქალაქეები პირადი განცხადების საფუძველზე შეძლებენ. დმიტრი გუნბას მონაცემებით, „მიგრაციულმა სამსახურმა წლის დასაწყისიდან 2960 სამუშაო ვიზა გასცა".

Print