რეგიონი
"დემნა ყალიჩავა - ბავშვების მეგობარი"- ჩხოროწყუში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
ჩხოროწყუს მე-2 საჯარო სკოლის შენობის ეზოში პედაგოგების, მოსწავლეებისა და მშობლების ნაწილი საპროტესტო აქციას მართავს. ისინი სკოლის ყოფილი დირექტორის თანამდებობაზე აღდგენას ითხოვენ. მათი მტკიცებით, განათლების სამინისტრომ დემნა ყალიჩავა უსამართლოდ გაათავისუფლა. აქციის მონაწილეებს ხელში ტრანსფარანტები უჭირავთ: "დემნა ყალიჩავა - ბავშვების მეგობარი", "აღსდგეს სამართლიანობა", "ჩვენ დირექტორთან ერთად ვტოვებთ სკოლას", "დაგვიბრუნეთ ჩვენი დირექტორი" და სხვ.



"სკოლაში აუდიტი ანონიმური წერილის საფუძველზე შემოვიდა. დირექტორის გათვისუფლების მიზეზი, როგორც გვითხრეს, სხვადასხვა პროცედურულ დარღვევებთან ერთად, სკოლის საპირფარეშოს მოუწესრიგებლობა გახდა. მას სკოლა საკუთარი სახსრებით ვერ მოაწესრიგებს, რადგან კანალიზაციის პრობლემა მთელი ქალაქის პრობლემაა. ვითხოვთ დაუყონებლივ აღადგინონ თანამდებობაზე დირექტორი", - ამბობენ აქციის მონაწილეები.



აქციის მონაწილე პედაგოგები და მშობლები აცხადებენ, რომ თუ უწყება ყოფილ დირექტორს თანამდებობაზე არ აღადგენს სარჩელს სასამართლოში შეიტანენ. ამჟამად დირექტორის უფლება-მოვალეობას მისი მოადგილე ასრულებს.

ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, განათლების სამინისტროს პოზიციას რადიო "ათინათი" მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
Print