რეგიონი
დღეს სვანეთში ლევან მინდიაშვილის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიხსნება
სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმში ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველი ხელოვანის, ლევან მინდიაშვილის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა „აქ“ გაიმართება. საქართველოს ეროვნული მუზეუმის ცნობით, გამოფენას, რომლის მიზანიც ქართული ხელოვნების საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენა, საქართველოს ეროვნული მუზეუმი და Project ArtBeat წარმოადგენენ.

"ლევან მინდიაშვილმა განათლება თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიასა და ბუენოს-აირესის ხელოვნების ნაციონალურ უნივერსიტეტში მიიღო. მის ჯილდოებს შორის აღსანიშნავია: „გრანტი საჯარო ხელოვნებისთვის“ National Endowments for Arts (ნიუ-იორკი, 2014) და „ახალგაზრდა ხელოვანი“ Movistar Arte Jóven (ბუენოს-აირესი, 2011).

ამჟამად ის მოწვეული პროფესორია თავისუფალი უნივერსიტეტის ხელოვნებისა და დიზაინის სკოლაში. მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ჯგუფურ გამოფენაში, ინსტიტუციებსა თუ გალერეებში, მათ შორის: თანამედროვე ხელოვნების გალერეა ˗ საქართველოს ეროვნული მუზეუმი (თბილისი), არსენალე (კიევი), ტარტუს ხელოვნების მუზეუმი (ტარტუ), The Lodge Gallery (ნიუ იორკი), ლიტერატურის მუზეუმი (თბილისი), Clemente Soto Center (ნიუ იორკი), ODETTA (ბრუკლინი). მის უახლეს პერსონალურ გამოფენებს შორის აღსანიშნავია გამოფენები აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში (თბილისი), The Lodge Gallery (ნიუ იორკი), The Vazquez Building (ბრუკლინი), Kunstraub99 (კიოლნი)“, - ნათქვამია საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პროექტი ხორციელდება ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის და სახელოვნებო ორგანიზაცია „პროპაგანდას” მხარდაჭერით.

გამოფენა 30 ივლისს, 15:00 საათზე გაიხსნება და 10 სექტემბრამდე გაგრძელდება.
Print